ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს პარტიის რიგით მეხუთე ყრილობაზე.

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის გეგმები გაახმოვანა >>

ყრილობის დელეგატებმა ივანიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კვირიკაშვილმა აპრილის ბოლოს განაცხადა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, მადლობა საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება“, – განაცხადა ყრილობაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ბოლო სიტყვა - რა თქვა პრეზიდენტმა

საქართველოს პრემიერმა, თავის მხრივ, ივანიშვილს პარტიის დაფუძნებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მას. ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში — აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია, კოალიციაში შემავალ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა. ამ გზით დასრულდა საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.

პრემიერის აღიარება: „ქართული ოცნება" ინსტიტუტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა >>

2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღემდე კულისებიდან მართავს.

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0