თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე დღეს მოხდა. „ფორდის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“) დაიწყო.