თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მანგლისთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოში აშშ–ის საელჩოს თანამშრომელი მარკ მიტჩელი აღმოჩნდა, ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ–გვერდზე სამძიმრის წერილში.
საშინელი ავტოავარია ორშაბათს, ღამით მოხდა. ავტობუსი, რომელშიც, სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ, ფოკას მონასტრიდან ბრუნდებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გადაბრუნდა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, 17 კი დაშავდა. მეორე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებით ადასტურებს, რომ 6 მაისს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საელჩოს თანამშრომელი, მარკ მიტჩელი. ადგილობრივი ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევას იძიებს. მარკი USAID-ის გუნდის ფასდაუდებელი წევრი იყო და მის არყოფნას ძალიან განვიცდით. ამერიკის საელჩოს გუნდი უთანაგრძნობს მარკის ოჯახს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და დაშავებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ მიტჩელი ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ის „ემახსოვრებათ იმ თავდადებული შრომისათვის, რომელიც მან გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად გასწია“.