თბილისში პოლიციამ ახალი სამხრე ვიდეოკამერები მიიღო

გამოწერა
პოლიციელების ახალ ვიდეოკამერებს 12 საათის განმავლობაში უწყვეტი ჩაწერის ფუნქცია აქვს, ხოლო ამ კამერების მონაცემები პარალელურად ცენტრალურ სერვერზე ჩაიტვირთება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკული წარმოების ახალი სამხრე ვიდეოკამერები მიიღეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ახალი აღჭურვილობის პრეზენტაციას თბილისში, შსს-ს შენობაში დაესწრნენ მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ძალიან კარგია, რომ თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვთ გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა და კამერის ეს მონაცემები პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე, რაც აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც, მოგეხსენებათ, წარსულში ყოველთვის იყო კითხვის ნიშნისა თუ სპეკულაციის საგანი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამთავრობო ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
მთავრობის რეფორმა: რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი

ძველი ვიდეოკამერები არასტაბილური მუშაობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. ისინი ხანდახან ადამიანის დაკავების ჩაწერის მომენტში ითიშებოდა, რაც შემდეგ საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა.

ვიდეოკამერების გამოცვლის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ძველ კამერებს ხშირად სჭირდებოდა დამუხტვა.

ამიერიდან ქართველ პოლიციელებს, ლონდონის, ნიუ-იორკის, ბერლინისა და სხვა განვითარებული ქალაქების პოლიციის მსგავსად, AXON-ის ფირმის ვიდეოკამერები ექნებათ.

პირველ ეტაპზე ამ ვიდეოკამერებით პოლიციელები მხოლოდ თბილისში ისარგებლებენ, ხოლო მოგვიანებით ის რეგიონებშიც გადაეცემათ. სულ საუბარია 2 280 ვიდეოკამერაზე.

ახალი აღჭურვილობის გადაცემასთან ერთად საქართველოს შსს-მ ჩაატარა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც „ერთი ფანჯრის" პრინციპით მუშაობს და მოქალაქეებს დაახლოებით 50 სახის სერვისს სთავაზობს.

მაგალითად, თუ ადრე დაკარგული სანომრე ნიშნის დაბრუნებისთვის, ავტომობილის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანის ნებართვისა და სხვა მომსახურებისთვის ადამიანს სხვადასხვა უწყებაში უწევდა მისვლა, ამიერიდან ამ მომსახურებას ერთიანი ცენტრი უზრუნველყოფს. ცენტრი ნოე რამიშვილის №38-ში მდებარეობს.

ცენტრში ასევე ამოქმედდა ცხელი ხაზი 241-42-42. ამ ნომერზე დარეკვისას ნებისმიერი მსურველი შეძლებს მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი ყოველდღიურად 500-მდე ადამიანის მომსახურებას შეძლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0