თანამედროვე ქართული ფიზიკის „დიაგნოზი“ და საქართველოში დაბრუნებული მეცნიერის გეგმები

გამოწერა
იცით, ფიზიკის რომელი კანონი ამართლებს ცხოვრებაში ყველაზე მეტად? - ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელიც ანდაზაში ასე შეიძლება გადმოვიტანოთ: „რასაც დათესავ, იმას მოიმკიო“…

ასე „შორიდან“ დავიწყეთ საუბარი ქართველ ფიზიკოსთან ედიშერ ცხადაძესთან, რომელიც 20 წელია, რაც იტალიის ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან (INFN, LNF, ფრასკატი) თანამშრომლობს. ამჟამად ფიზიკოსი საქართველოში დაბრუნდა და ამ დარგის განვითარებისთვის გარკვეული გეგმები აქვს.

იტალიის გარდა ქართველი ფიზიკოსი წლების მანძილზე დუბნა–საქართველოს სამეცნიერო ჯგუფის ფარგლებში მუშაობდა „ატლას“ ექსპერიმენტისთვის დეტექტორების შექმნაზე, რაც სწორედ იტალიელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობაში გამოიხატა.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ედიშერ ცხადაძე - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

– ბატონო ედიშერ, რა გეგმები გაქვთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

— დიახ, საცხოვრებლად თბილისში დავბრუნდი. რუსეთში დუბნის ლაბორატორიასთან თანამშრომლობა დავასრულე, ხოლო შვეიცარია (CERN) და იტალია (INFN) დავიტოვე. ამ მომენტში თბილისში, ფიზიკის ინსტიტუტში ვარ, სადაც ისედაც ვიყავი და რომელთანაც 40 წელია ვთანამშრომლობ. კიდევ ახლად დაარსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ადრონული თერაპია და სხვა მიმართულებები) ვმუშაობ. მაქვს გარკვეული გეგმები, ვაპირებთ ლაბორატორიების დახვეწას, იმიტომ რომ საქართველოში ბირთვული და მაღალი ენერგიების ფიზიკა საკმაოდ და, მე ვიტყოდი, საშიშად დასუსტებულია. უნივერსიტეტში ისწავლება, ოღონდ ძალიან ზერელედ. მხედველობაში მაქვს ექსპერიმენტული მიმართულება. ახალგაზრდებს შორის თეორეტიკოსები საკმაოდ ძლიერები იზრდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, აბსოლუტური ნულია ექსპერიმენტის, ტექნოლოგიების მიმართულება და ეს, როცა იქნება, ქვეყანას დაეტყობა, იმიტომ რომ ის კვლევა, რაც უნდა ხდებოდეს, არ ტარდება. მე თბილისში არსებულ რამდენიმე ლაბორატორიაში ვიყავი, ეს სასკოლო მიმართულებაა. არის ისეთი შემორჩენილი ლაბორატორიებიც, ჩემი სტუდენტობის დროს, 40 წლის წინ რომ იყო და ისევ იმ ტექნოლოგიურ დონეზეა გაყინული.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე კომაროველებთან შეხვედრის დროს
ედიშერ ცხადაძე კომაროველებთან შეხვედრის დროს - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე კომაროველებთან შეხვედრის დროს

– როგორ ვიცი, ფიზიკის ლაბორატორიების მოწყობასთან დაკავშირებით წიგნზე მუშაობთ…

— დიახ, ახლა ვამზადებ კრებულს, რომელსაც წიგნს ჯერ ვერ დავარქმევ. ეს კრებული იმის თაობაზეა, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ლაბორატორიები და რა ამოცანები უნდა დავსვათ. ეს არის განკუთვნილი მაღალი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც საჭიროა ლაბორატორიები, რათა ისინი ცოტათი მაინც მოვიდნენ აზრზე, თუ რა არის ექსპერიმენტი, რა არის რაღაც პროცესის შემოწმება. პირველი წიგნი, კოლეგებთან ერთად თანაავტორობით — „ელემენტარული ნაწილაკების დეტექტორები“ უკვე ფაილის სახით დამთავრებულია და მსურველებს ეგზავნება. ეს დამხმარე სახელმძღვანელოა ამ დარგში. მაღალი ენერგიების ფიზიკის რამდენიმე არსებული ლაბორატორიიდან არის შემოთავაზებები, რათა იქ მოვახერხო სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორიული სამუშაოების დანერგვა. საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მთავარი, საბაზო ლაბორატორიები უნდა ამოქმედდეს, როცა ინსტიტუტის კორპუსები აშენდება. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ძალიან ძვირადღირებული მიმართულებაა, აპარატურა, რაც საყიდელია, საკმაოდ ძვირია, ამიტომ რა დონეზე მოხდება ამ საქმეში შესვლა, ჯერჯერობით უცნობია.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ედიშერ ცხადაძე - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

– ეს ლაბორატორიები, რაც გაკეთდება, ჯერჯერობით სამაგისტრო სტუდენტებისთვისაა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სამეცნიერო ლაბორატორიებად გადაიზრდება. ეს ყველაფერი პირადად თქვენი ინიციატივით უნდა მოხდეს?

— ამ ეტაპზე გარშემო ვიკრებ თანამოაზრეებს და ვამზადებ საფუძვლებს, თუმცა ასეთი რამ ჩვენთან ამ პერიოდში არ გაკეთებულა (საბჭოურ პერიოდში მოქმედი ლაბორატორიები ჩაბარდა ისტორიას). არის ლაბორატორიები, რომლებიც სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ემსახურება. საკმაოდ საჭირო იყო და გახმაურებულია ეს მიმართულება, მაგრამ ისინი ზუსტად მასწავლებლების გადასამზადებლად არის გამიზნული და არა, ვთქვათ, სტუდენტების სასწავლებლად. სამეცნიერო მუშაობასთან კი ახლოსაც არ დგას.

– იტალიასა და შვეიცარიასთან თქვენი კონტაქტების შენარჩუნება თუ მოხდება?

— პირადად ჩემი სამეცნიერო კონტაქტები და მუშაობა იტალიასთან გრძელდება. უკვე მაქვს დაგეგმილი ვიზიტები, რომ იქ ვიმუშაო. შვეიცარიაშიც შენარჩუნებულია კავშირები, უბრალოდ, იქ ამ მომენტისთვის უფრო ნაკლები დატვირთვა მაქვს, რადგან ჩემი მონაწილეობით გაკეთებული დეტექტორები მუშაობს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ ადგილზე ვიყო და ისინი ვაკონტროლო. ახალი მიმართულებების წარმოებას თბილისიდან ვაპირებ.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ფრასკატის ლაბორატორიაში: ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ედიშერ ცხადაძე, ინჟინერ-ტექნოლოგი ლევან ივანიშვილი, სტაჟიორ-მკვლევარები შალვა ბილანიშვილი და ლევან კანკაძე
ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ფრასკატის ლაბორატორიაში: ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ედიშერ ცხადაძე, ინჟინერ-ტექნოლოგი ლევან ივანიშვილი, სტაჟიორ-მკვლევარები შალვა ბილანიშვილი და ლევან კანკაძე - Sputnik საქართველო
ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ფრასკატის ლაბორატორიაში: ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ედიშერ ცხადაძე, ინჟინერ-ტექნოლოგი ლევან ივანიშვილი, სტაჟიორ-მკვლევარები შალვა ბილანიშვილი და ლევან კანკაძე

– ფიზიკის სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები თუ გვყავს?

— თეორიული ფიზიკის მიმართულებით საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვინც ძლიერია, ის უცხოეთში მიდის. ცალსახად ასე გამოდის. საზღვარგარეთ ძირითადად ასეთ ახალგაზრდებთან მქონდა ურთიერთობა. ახლა ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ორი საკმაოდ ძლიერი ბიჭი გავგზავნეთ იტალიაში სადოქტორო პროგრამაზე. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი მათ სწავლას და იქ ცხოვრებას მთლიანად აფინანსებს. ამ პროგრამის პირველი პირობა ისაა, რომ ეს ახალგაზრდები იქ რომ მომზადდებიან, საქართველოში უნდა დაბრუნდნენ და ამ ინსტიტუტში იმუშაონ. სხვა მიმართულებით კი ნიჭიერი ბავშვები მიდიან და მერე იკარგებიან…

– ამიტომაც ჩვენ პარლამენტში უნდა იყვნენ ფიზიკოსები, ასეა?

— აბა რა გითხრათ?— ფიზიკოსი უფრო ლაბორატორიაშია საჭირო. პარლამენტიდან გაკეთებული საქმე კი მე არ მინახავს და…

– რატომ, ისააკ ნიუტონი ხომ 26 წელი იყო პარლამენტში?

— მერე? გაიხსენეთ მისი ერთადერთი „გამოსვლა“ და სიტყვები: „გთხოვთ დახუროთ ფანჯარა, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე“.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ედიშერ ცხადაძე - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უცხოეთში ჩვენი ინტელექტუალური პოტენციის გადინება აღარ მოხდეს?

— თავის დროზე, 90-იან წლებში ნიჭიერი ფიზიკოსების უმრავლესობა, ვინც აქ დაბრუნდა და ვისაც თავის თავზე უნდა აეღოთ ეს მიმართულება, უაზრო ბიზნესებში წავიდნენ, რათა საკუთარი თავი შეენახათ. თუმცა, როგორც ფიზიკოსი, თავი ვერ შეინახეს. გამოვიდა ასეთი კაზუსი, რომ სპეციალობით მუშაობას აზრი არ ჰქონდა. ახლაც რომ იგივე არ გამეორდეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ამის გარდა უნდა იყოს ცხოვრების შესაბამისი ანაზღაურება, რომ ახალბედა სპეციალისტს, რომელიც ცხოვრებას იწყებს და უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, უნდა ჰქონდეს იმის პერსპექტივა, რომ აქ დაფუძნდეს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალი ტექნოლოგიების მიმართულება ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია. მაპატიეთ ამ მაგალითისთვის, მაგრამ ბოსელში ძროხის საწველი აპარატურის დადგმა არაა მაღალი ტექნოლოგია. მაღალი ტექნოლოგია ამ აპარატურის შექმნა და წარმოებაა…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0