აჟიოტაჟი საქართველოში – ვიდეო, რომელშიც ბავშვს სიგარეტს აწევინებენ

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსიგარეტის ნამწვი
სიგარეტის ნამწვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამი წლის ბავშვს სიგარეტი მისცეს, ეს ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში განათავსეს

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. Facebook–ის ქართულ სეგმენტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ გაშლილ სუფრასთან მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს ანთებულ სიგარეტს აწვდის, ხოლო ხმა კადრს მიღმა ეუბნება – „მოწიე, ძმაო!“.

ამ ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო იმ ოჯახის იდენტიფიკაციაზე მუშაობს, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. უწყების თანამშრომლები უნდა გაესაუბრონ ბავშვის მშობლებს. მცირეწლოვანი, მასმედიის ინფორმაციით, სამი წლისაა.

„გაეწევათ კონსულტაცია და უკვე ოჯახში ვიზიტის შემდეგ გვეცოდინება დაზუსტებით, რა ტიპის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ.

თამბაქო - Sputnik საქართველო
საქართველო თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციებისთვის ემზადება

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ეს ბავშვზე ძალადობად შეაფასეს. ამ ფაქტით ასევე დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

„ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის მისდამი არასათანადო მოპყრობა“, – განაცხადა სახალხო დამცველის პარატის წარმომადგენელმა მაია გედევანიშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანია Rustavi2–ის ჟურნალისტებმა იპოვეს ოჯახი, სადაც ეს ფაქტი მოხდა.

„თუ ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ამას, ნამდვილად არ ვიცოდით. არა, ეგ მეორეჯერ აღარ მოხდება. ბოლო და უკანასკნელად იქნება ეგ. ჩემი შვილი იმ დონეზე მიყვარს, რომ ერთი წამიც არ შემიძლია უიმისოდ“, – განაცხადა ბავშვის დედამ, სალომე საგინაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველდღიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება, საქართველოში ყოველწლიურად სიგარეტის მოწევის გამო 11 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო 3 ათასი მხოლოდ იმიტომ, რომ პასიური მწეველი იყო. წელიწადში კიბოს 8 ათასი ახალი შემთხვევიდან ფილტვის კიბო აქვს 800–900 ადამიანს.

 


ყველა ახალი ამბავი
0