არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში და მეორე ტურის მოლოდინი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ეყოლება და ის, 90 პროცენტიანი ალბათობით, ასოციაციის ამჟამინდელი საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი დავით ასათიანი გახდება.

გუშინ გამართულ დაძაბულ არჩევნებში, რომელშიც 12 კანდიდატი მონაწილეობდა, მან 600 ხმის უპირატესობით ჩამოიტოვა მეორე ადგილზე მყოფი ლევან ჯანაშია, რომელსაც ძალიან სერიოზული ფინანსური და პოლიტიკური ლობი გააჩნია. 

ადვოკატთა ასოციაციაში მეორე ტური არავის უკვირს. 2007 წლის ბოლოსაც ზაზა ხატიაშვილი ისევ აქ, სპორტის სასახლეში, მეორე ტურის შედეგად აირჩიეს. თუმცა თუ მაშინ ხელისუფლების მხრიდან მართლაც უპრეცედენტო ზეწოლა იყო. ამჯერად კი ე. წ. სახელისუფლებო კანდიდატებმა ხმების ისეთი სენსაციური რაოდენობა მიიღეს, რომ ნამდვილად ვერავინ იტყვის, ადვოკატთა ასოციაციაში ხელისუფლებას რაიმე გავლენა აქვს ანდა ზემოდან ვინმე ჩაერიაო.

საქმე ის გახლავთ, რომ ეკა ბესელიასთან დაახლოებულმა ირმა ჭკადუამ 53 ხმა, ხოლო მანანა კობახიძის ყოფილმა ადვოკატმა დავით ლანჩავამ 160-მდე ხმა მიიღო. ასათიანი პირველივე ტურში გახდებოდა ასოციაციის თავმჯდომარე, რომ არა ის გარემოება, რომ წესდება არჩევნებში მონაწილე ადვოკატების ხმების 50 პროცენტით არჩევას ითვალიწინებს. გუშინ გამართულ არჩევნებში მონაწილეობა 2324-მა ვექილმა მიიღო. მათგან ხმა ასათიანს 1128 ამომრჩეველმა მისცა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს - Sputnik საქართველო
ზაზა ხატიაშვილი რვაწლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს
 

„ამ შედეგებით მეორე ტურის გამართვა წესდების მიხედვით აუცილებელია, თუმცა უპირატესობა აშკარაა“, — განაცხადა ასოციაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. 

ადვოკატთა ერთი, ძალან მცირერიცხოვანი ჯგუფი გაყალბებასა და წინასწარ შემოხაზულ ბიულეტენებზე საუბრობდა, მათ შორის — ირმა ჭკადუა, მაგრამ ძალიან რთულადაა წარმოსადგენი, ადვოკატების ხმა ამხელა უპირატესობით ვინმემ გააყალბოს. თავისუფლებას შეჩვეული ვექილების ხმების გაყალბება რომ ასე იოლი არაა, ამას ყველა არაჩვეულებრივად ხვდება.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლო - Sputnik საქართველო
ვის ერგება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სკამი - რბოლა დაიწყო

დავით ასათიანის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია უაღრესად კულტურული იყო. მიუხედავად მის მიმართ წასული ცილისწამებებისა, ასათიანს კონკურენტების ლანძღვა არსად წამოსცდენია, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრი რამ აქვს სათქმელი. მოწინააღმდეგეების ერთადერთი „კომპრომატი“ მისი მხრიდან ნაციონალების საქმეებში დაცვის ფუნქციაა, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა შეარჩიოს ადვოკატმა დასაცავი ადამიანები ისე, რომ რომელიმე ხელისუფლებასა და პოლიტიკური პარტიასთან რაიმე შეხება არ ჰქონოდა, მით უმეტეს — საქართველოში. ოპონენტებმა ისიც კი იკადრეს, გამოექვეყნებინათ, როგორ მივიდა სააკაშვილის ძმა ასათიანის ძმის დაკრძალვაზე. ზოგადად,  გარდაცვლილის თემის გამოყენება ეთიკური ადამიანების მხრიდან ტაბუირებულია, საქართველოში — განსაკუთრებით.

ასათიანის მოწინააღმდეგე მეორე ტურში ლევან ჯანაშია იქნება, რომელმაც 632 ხმა მიიღო. სხვაობა 496 ხმაა. ჯანაშიას გუნდში ზვიად კორძაძე, გოჩა სვანიძე, ქეთევან ქვარცხავა, კახაბერ წერეთელი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვა, ღირსეული, თუმცა მეტ-ნაკლებად ცნობილი „მსხვილი“ ადვოკატები შედიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მომსახურეობას ძირითადად ბანკებსა და მსხვილ ფინანსურ კორპორაციებს უწევდნენ და უწევენ დღესაც. თუ იმ ცნობილ „9 წელში“ ისინი ბეჟუაშვილების ბიზნესს იცავდნენ, დღეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ საბანკო სექტორს ლობირებენ. 

ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, ახალ წელს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც გავლენიან ინსტიტუციას, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, დიდი ალბათობით — დავით ასათიანის სახით და ახალი ძალით გააგრძელებს ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ არსებობდეს ნდობა, რომ ის პოლიტიკური ძალის, მით უმეტეს — ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდება. დავით ასათიანმა უკვე თქვა, რომ მისი ფუნქცია და სურვილია, დაიცვას მხოლოდ სამართალი და არ ჩაერთოს პოლიტიკურ დებატებში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.  

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0