ქართული ოქროს აკვანი ტოპკაპის სასახლეში და ალექსანდრე კახთბატონის ტრაგედია

© FB / Topkapi Palace Istanbul ტოპკაპის სასახლე სტამბულში
ტოპკაპის სასახლე სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულში პირველად 1988 წელს მოვხვდი. არასრულ სამ დღეში ბევრი ვერაფერი მოვასწარი, თუმცა ტოპკაპი, აია სოფია, სულეიმანიე და კიდევ რამდენიმე ისტორიული ადგილი „შემოვირბინე“.

თურქეთის სულთნების სასახლეს მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, და რომ არა ერთი ფაქტი, იქნებ გასახსენებელიც არაფერი მქონდეს. ადგილობრივმა გიდმა დიდი ამბით გვამცნო, ახლა  საოცრებას განახებთო და პატარა, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში შეგვიყვანა, რომლის ერთ კედელთან გამოფენილი გახლდათ 80 კარატიანი (თუ არ მეშლება) ბრილიანტი. ბრილიანტის სადგარი მოძრაობდა და მოციმციმე განათების ფონზე მართლა საოცარ ეფექტს ქმნიდა. ის იყო უნდა გამოვსულიყავით, მოპირდაპირე კუთხეში ქართულ აკვანს მოვკარი თვალი, არა უბრალოს, არამედ ბაჯაღლო ოქროსგან გაკეთებულს და დიდი ძვირფასი ქვებით შემკულს. წარწერა გვამცნობდა, რომ ეს იყო სულთნისთვის მირთმეული ქართველი მეფის საჩუქარი. თარიღიც ეწერა —XVI საუკუნე.

თურქეთიდან დაბრუნებულმა ბევრი ვეძიე, მაგრამ ხელმოსაკიდს ვერაფერს მივაკვლიე. იმ ეპოქის საქართველო მოგეხსენებათ დაყოფილი იყო და კახეთის გარდა (ვიდრე ავად სახსენებელი შაჰ-აბასი ააოხრებდა) ყველა სულს ღაფავდა. კახეთში ამ დროს მეფობდა ალექსანდრე II, რომელსაც არჩილი  ახასიათებს, როგორც მოწყალეს, ღვთის მოშიშს, მტერთა მძლეველსა და ნადირობის მოტრფიალეს. ამას გარდა იგი შესაშური დიპლომატიც გამოდგა. ირან-ოსმალეთის დაპირისპირების ფონზე, იმდენი მოახერხა, რომ ქვეყანა მოაღონიერა. მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი).

გეგუთის სასახლე - Sputnik საქართველო
მეფე ვახტანგ III - დემეტრე „თავდადებულის“ არანაკლებ თავდადებული შვილი

კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი).  შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. 1587 წელს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 წელს ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება — „წყალობის სიგელი". იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ირანსა და ოსმალეთთან. ალექსანდრე მეფემ სცადა ოსმალეთი კახეთის პოლიტიკური გაძლიერების მიზნით გამოეყენებინა, ამიტომ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა, ამ  ჭკვიანური ნაბიჯით იმას მიაღწია, რომ კახეთის შიგნით არ შემოუშვა ოსმალო დამპყრობელი, მხოლოდ მცირეოდენ ხარკს უხდიდა ხონთქარს ყოველწლიურად.  ამავე პერიოდში მოხდა სტამბულში ალექსანდრეს უფროსი შვილის ერეკლეს გამგზავრებაც. ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, თუმცა, ალბათ, ის მძევლად წაიყვანეს. ჩემი ვარაუდით, სწორედ მაშინ სულთნისთვის მისართმევ საჩუქრებში მოხვდა ეს აკვანიც. ასეთი ძვირფასი ნივთის გაგზავნა იმ ეპოქაში მხოლოდ ალექსანდრე მეფეს შეეძლო. შემდეგ ირანის მომძლავრების ფონზე, კახთბატონი შაჰ-აბასთან დაახლოებასაც ცდილობს, თუმცა ამას ეწირება მისი ვაჟი, რომლის სტამბულიდან გამოგზავნილი მოკვეთილი ხელის მტევანიც ალავერდის ეკლესიაში დაასვენეს.

სამწუხაროდ, დიდებულ მეფეს ვერც დიპლომატიამ უშველა, ვერც რუსეთთან სიახლოვემ (უფრო პირიქით) და ვერც საკუთარმა სამხედრო ძალამ. იგი უძლური აღმოჩნდა ისეთი დამანგრეველი ფაქტორების წინაშე, რასაც შვილის ღალატი (კონსტანტინე-მირზა) და შაჰ აბასის სივერაგე ჰქვია. მისი რუდუნებით მოვლილ-მოფერიანებული კახეთი მალე მანქურთებმა იავარქმნეს, ბაღ-ვენახები აჩეხეს, ეკლესია მონასტრები დაანგრიეს, ქალაქები მიწასთან გაასწორეს. 

საუკუნეების შემდეგ ალექსანდრე კახთბატონის მეფობის ხანა თანამედროვეობას შემოუნახა დიდებული ქართველი მწერლის ლევან გოთუას შესანიშნავმა რომანმა „გმირთა ვარამი“ და… სავარაუდოდ სტამბულის ტოპ-კაპში დაცულმა ქართულმა ოქროს აკვანმა…

 


ყველა ახალი ამბავი
0