მაღალმთიან აჭარაში ასობით ოჯახი ისევ უშუქოდ რჩება

გამოწერა
დიდთოვლობამ აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგად ასობით ოჯახი უშუქოდ დარჩა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში 1500-ზე მეტი ოჯახი ელეტქროენერგიის გარეშეა დარჩენილი, იუწყება „აჭარის ტელევიზია“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

დიდთოვლობამ აჭარაში სერიოზული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის, მეწყრებისა და ზვავების შედეგად ჩაიკეტა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. პარასკევს მაღალმთიანეთში სკოლები და საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებდა.

შუახევში ელექტროგადამცემი ხაზები თოვლმა დააზიანა, ამის გამო სოფლის მოსახლეობა 8 დეკემბერს უშუქოდ დარჩა. 

„ამ დროისათვის მიმოსვლა ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილია, სხვა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, ამ წუთისთვის 4500 აბონენტიდან 3000-მდე აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდება. დღის ბოლომდე, არსებული ინფორმაციით, ყველა აბონენტს შუქის მიწოდება აღუდგება“, — განაცხადა შუახევის რაიონის მერის მოადგილემ, ომარ ტაკიძემ.

გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია

ქედაშიც ასობით ოჯახი უშუქოდ არის დარჩენილი. რაიონში გზების გაწმენდა 40 მიმართულებით განხორციელდა.

„გუშინ, საღამოს, მახუნცეთის თემში ათი სოფელი გაითიშა, დაახლოებით 600 ოჯახი. დღევანდელი მონაცემებით, დილით ათივე სოფელი ჩაირთო, პრობლემა მხოლოდ ერთ სოფელში რჩება“, — განაცხადა რაიონის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ.

ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები რაიონის სხვა სოფლებშიც არის, თუმცა, კომპანია Energo-Pro Georgia მათი სწრაფად გადაჭრის პირობას დებს.

მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთსა და სოფელ ზედა ქოქოლეთში. სოფელ ჩიქუნეთში 10 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.

აჭარაში უკვე გამოიდარა, ასე რომ გაწმენდითი სამუშაოები და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა დაჩქარდება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0