ღირსების ორდენი პრომეთეს მღვიმის უანგაროდ დაცვისთვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე უანგაროდ მუშაობდა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დარაჯი, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იცავდა, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის 85 წლის გიორგი ტყაბლაძეს ღირსების ორდენი, ამ ჯილდოთი გათვალისწინებული ფულადი პრემია 600 ლარის ოდენობით და მადლობის სიგელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა გადასცა. 

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნეს, გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე უანგაროდ მუშაობდა. 2010 წელს კი მისი დამსახურების აღსანიშნავად მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე  მისი ძეგლიც კი გაიხსნა.

პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
პრომეთეს მღვიმის ნაწილი ზედაპირზე ამოიტანეს

პრომეთეს მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. ის მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის მოიპოვება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. 

მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან მას გარეთ გამოვყავართ.

ასეთი უჩვეულო სახელწოდება მღვიმემ მიიღო ტერიტორიის კეთილმოწყობის შემდეგ, რომელიც 2010 წელს დაიწყო.

საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტად პოპულარული ადგილი სწორედ პრომეთეს მღვიმეა. იანვარ-ივლისის პერიოდში ის 81 100-მა მნახველმა დაათვალიერა. 

საქართველოში სულ 85 დაცული ტერიტორიაა, მათ შორის არის სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ბუნებრივი ძეგლები და დაცული ლანდშაფტები.


ყველა ახალი ამბავი
0