თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის მესაზღვრეებმა გაუგებარი მიზეზების გამო ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქეს. ისინი თელ-ავივში გუშინ ჩაფრინდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში წუხელ ღამით გამოაბრუნეს.
„5 დღით მივდიოდით, მიუხედავად ამისა, საბუთებს ყურადღება არ მიაქციეს, მიზეზი იყო ერთადერთი, რომ ხართ ქართველები, მაინტერესებს ჩვენი საელჩო რას აკეთებს ამ დროს", — განაცხადა თელავის რაიონის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა კახაბერ ენუქიშვილმა, რომელიც მეუღლესთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად ისრაელიდან უკან დააბრუნეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში არ უშვებენ. ამა წლის მარტში, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მესაზღვრეებმა ქვეყანაში საქართველოს 12 მოქალაქე არ შეუშვეს.
თებერვლის ბოლოს ისრაელიდან დეპორტირებული იყო საქართველოს 30 მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები. ამან მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მოგვიანებით საქართველოში ისრაელის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისრაელში 2016 წლის განმავლობაში ლეგალურად შევიდა საქართველოს დაახლოებით 18 ათასი მოქალაქე, ქვეყანაში არ შეუშვეს დაახლოებით 4 ათასი, ხოლო დეპორტირებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.