საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს

© Sputnik / Denis Aslanovაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი წინა პროგნოზთან შედარებით, 2017 წლისთვის 0,6, ხოლო 2018 წლისთვის 0,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

EBRD-ის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი წინა პროგნოზთან შედარებით, 2017 წლისთვის 0,6, ხოლო 2018 წლისთვის 0,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ანგარიშის თანახმად, მოხმარების გაჯანსაღება, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ტურიზმის სექტორის შემდგომი განვითარება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მომავალი წლების განმავლობაში. 

ახალი თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD: საქართველო ევროპის „მეორე ტალღის" ლიდერია

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, EBRD-ი პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.

2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ექსპორტის 28,3%-იანი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ გარკვეულ მიღწევებს ეფუძნება, მიაჩნია ეკონომიკის დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას.

„საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით აუმჯობესებენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, როგორც ამ წლისთვის, ასე მომავალი წლისთვის და პერსპექტივებსაც უკეთესს ხატავენ, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ამავდროულად ბევრი სხვაც ხდება", — აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ვახტანგ ჭარაისას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაღალია ინფლაციის მაჩვენებელიც, რომელმაც შეიძლება ის კეთილდღეობა, რასაც ქვეყანა მშპ-ს ზრის ხარჯზე მიიღებს, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე პირდაპირ ვერ აისახოს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, EBRD-ის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს, 2018 წელს კი 5%-მდე გაიზრდება.

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველო კარგი ეკონომიკური მენეჯმენტისთვის შეაქო

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზების თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები უკვე აისახა ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზეც — მიმდინარე წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody"s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე", — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადრე EBRD-ს პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კარგ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც კარგი ეკონომიკური მენეჯმენტითაა განპირობებული და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე და მომავალ წლებში გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.

ყველა ახალი ამბავი
0