ედი გომესი: თბილისში ჩამოსვლა დიდი სიამოვნებაა

გამოწერა

ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ-კონტრაბასისტმა ედი გომესმა, რომელმაც Tbilisi Jazz Festival 2017-ის დახურვაში მიიღო მონაწილეობა, ექსტრაორდინარულ  თბილისში მოგზაურობა სასიამოვნოდ შეაფასა.

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართა. „თბილისში პირველი სტუმრობა შესანიშნავი გამოცდილებაა. სიხარულით ველოდი ამ მოგზაურობას. და ახლა ჩვენ აქ ვართ, ერთად ვუკრავთ, ერთ სცენაზე. დიდი სიამოვნებაა საქართველოში ყოფნა, ამ ლამაზ ექსტრაორდინარულ ქალაქში — თბილისში. უდიდესი სიამოვნებაა ქართველ ჯაზ-პიანისტ პაპუნა შარიქაძესთან ერთად დაკვრა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩვენი ბოლო გამოსვლა და კიდევ ბევრჯერ წარვდგებით მსმენელის წინაშე“, — განაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის განმავლობაში ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ, სოულ და R&B ბენდმა Tower of Power, ამერიკელმა ჯაზ-საქსოფონისტმა ჯო ლოვანო, ამერიკელმა ჯაზ-კონტრაბასისტმა ედი გომესმა და ქართველმა ჯაზ-პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა.

Tbilisi Jazz Festival თბილისში მეოცედ გაიმართა. ფესტივალის ინიციატორი და მუდმივი ორგანიზატორია ქართული კომპანია Eаstern Promotion. სხვადასხვა წლებში ფესტივალის სცენაზე მსმენელის წინაშე გამოსულან ჯაზის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან როი აიერსი, ელ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკის ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპერდის კვარტეტი, კენდი დაფლერი, ჯეიმი კალუმი და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0