გემრიელი ფრანგული ლიმუზინები და ცოლის გამო 20 კილომეტრზე ზურგით ნატარები საათი

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliვინსენტ დელანოეს სახლი ბრეტანის სოფელ გენუვრში
ვინსენტ დელანოეს სახლი ბრეტანის სოფელ გენუვრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, თუ გინდა რომელიმე ქვეყნის სული შეიგრძნო, მისი სოფელი უნდა მოინახულოო. ამიტომ ბრეტანის უკეთ შეგრძნობისთვის ამ კუთხის სოფლის მონახულება გადავწყვიტეთ.

გენუვრი პირველი ნახვისთანავე ძალიან მშვიდი და პატრიარქალური მოგვეჩვენა. საოცარია, მაგრამ აქ დღისით გარეთ ვერსად ვნახეთ ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარი ეზოს წინ უსაქმოდ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ბირჟაზე გამოსულები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ უზარმაზარი მინდვრები თანაბრად, თითქმის სანტიმეტრის სიზუსტითაა მოვლილ-მოხნული და მათი შემხედვარე იმასაც ფიქრობ, იქნებ ეს ხალხი ამ მიწების დასაბარად სულაც ღამით გამოდის გარეთ…

ეს რეგიონი ნატურალური რძის ნაწარმითაა განთქმული, საქონლის ხორცი კი გემრიელია და ეს ყველაფერი ფრანგული ლიმუზინის დამსახურებაა. ავტომობილი არაფერ შუაშია, „ლიმუზინი“ აქაური ძროხის ჯიშია და ის საფრანგეთში, მარშის და ლიმონჟის რეგიონებში შეიქმნა. საქონლის ხორცის საიდუმლოს დიდი ხნის განმავლობაში ინახავდნენ ფრანგი მზარეულები. ლიმუზინის ჯიშის საქონლის ხორცი სირბილით, დაბალი ცხიმიანობითა და სურნელებით გამოირჩევა. მომეჩვენა, რომ დიდი ზომის და ნაპატივები „ლიმუზინები“ ჩვენ “ფაქიზოებზე“ უფრო მორჩილები და მშვიდები არიან, ყოველ შემთხვევაში, მე ისინი სამანქანო გზაზე გადმოსული არც ერთხელ არ მინახავს. ფრანგებს ძალიან უყვართ რძის ნაწარმი და მათი ფასი იქ ჩვენთან შედარებით გაცილებით იაფია.  

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliვინსენტ დელანოე ძველებური იარაღით მისი კოლექციიდან
ვინსენტ დელანოე ძველებური იარაღით მისი კოლექციიდან - Sputnik საქართველო
ვინსენტ დელანოე ძველებური იარაღით მისი კოლექციიდან

გენუვრი ჩვენი მასპინძლის, მუსიე ვინსენტ დელანოეს მშობლიური სოფელია. ის საფრანგეთის მთავრობის წევრი და 27 კომუნის ხელმძღვანელია, რაც ჩვენთან მხარის გუბერნატორის სტატუსის ტოლფასია.

ამ სოფელთან მისი ბავშვობაა დაკავშირებული და ყველაფერი ბედნიერ წლებს და დედას აგონებს. ბატონი ვინსენტი ძალიან ამაყობს თავისი ბრეტანული წარმოშობით.

,

ვინსენტ დელანოე: მე დავიბადე ბრეტანში, რომელიც ადრე საფრანგეთის სამეფო იყო, ამიტომ მან, საქართველოს მსგავსად, ტრადიციები და ენა შეინარჩუნა.

მუსიე ვინსენტი ძალიან უფრთხილდება იმ ნივთებს, რომლებიც ბავშვობის წლებს ახსენებს. ამ სახლში ყველა ნივთს თავისი ბიოგრაფია და ისტორია აქვს. აქ ნახავთ წინაპრების უნიკალურ ფოტოკოლექციას, მე-19 საუკუნის დროინდელ უნიკალურ საათს, რომლის მსგავსი ბატონმა ვინსენტმა საქართველოში ყოფნის დროს წინანდალში, ჭავჭავაძეების სასახლეში ნახა და მაშინვე იცნო. სახლის სიძველეებს შორის სამედიცინო დანიშნულების ნივთებიცაა: წამლის დასამზადებელი დიდი ჯამი, კბილის ამოსაღები ძველებური ხელსაწყო, რომლითაც მისი მამა სარგებლობდა. შემოსასვლელში თითქმის 100 წლის ფეხსაცმელების ჯაგრისების ჩასაწყობი ყუთია მასზე გამოსახული ბრეტანელით. მისაღებ ოთახში თიხისგან დამზადებული პიეროს ფიგურაა, რომელიც 1994 წელსაა დამზადებული.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliპიეროს თიხის ფიგურა, საფრანგეთში სულ 42 ეგზემპლარია, აქედან სამი ვინსენტის სახლში
პიეროს თიხის ფიგურა, საფრანგეთში სულ 42 ეგზემპლარია, აქედან სამი ვინსენტის სახლში - Sputnik საქართველო
პიეროს თიხის ფიგურა, საფრანგეთში სულ 42 ეგზემპლარია, აქედან სამი ვინსენტის სახლში

ვინსენტ დელანოე: ამ ფიგურის ავტორი "არტ დეკოს" პერიოდის (1920 წ.) მოქანდაკე ჯორჯ ქონდეა და მსგავსი ფიგურა მთელ საფრანგეთში მხოლოდ 42 ცალია, მათ შორის სამი ჩემ ოჯახში ინახება.

მუსიე ვინსენტის სახლში ძველებური, მე-19 საუკუნის საათია, რომელიც ერთ სასიყვარულო ისტორიას ინახავს. 

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliძველებური საათი, რომელიც ასევე საქართველოში, ჭავჭავაძეების სასახლეშია
ძველებური საათი, რომელიც ასევე საქართველოში, ჭავჭავაძეების სასახლეშია - Sputnik საქართველო
ძველებური საათი, რომელიც ასევე საქართველოში, ჭავჭავაძეების სასახლეშია

ვინსენტ დელანოე: ამ საათთან ჩემი წინაპრების სიყვარულის ლამაზი ამბავია დაკავშირებული. რას არ გააკეთებს შეყვარებული კაცი საყვარელი ქალის გულისთვის, მით უფრო აქ, ჩვენს რომანტიკულ ქვეყანაში. ერთხელ, თურმე, ბებიაჩემის დედა რაღაცაზე განაწყენებულა თავის მეუღლეზე და მას იგი ვერაფრით შემოურიგებია. მისი გულის მოსაგებად ქმარს გადაუწყვეტია, რომ ცოლისთვის ეჩუქებინა უნიკალური საათი, რომელიც ადრე ძალიან მოსწონებია. მალე გადაწყვეტილება სისრულეში მოუყვანია და თანაც ეს განსაკუთრებული ფორმით გაუკეთებია: სახლამდე 20 კილომეტრი საკუთარი ზურგით უზიდავს ეს საათი, რომელიც, როგორც ხედავთ, არც ისე პატარაა და მსუბუქი. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ დამთავრდა და ამის შემდეგ მათ შორის უთანხმოება არასოდეს მომხდარა. აი, ასეთი სიყვარული ვიცით ბრეტანელებმა…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliვინსენტ დელანოე ქართველ მეუღლესთან, ნანა ხაჩიძესთან ერთად
ვინსენტ დელანოე ქართველ მეუღლესთან, ნანა ხაჩიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ვინსენტ დელანოე ქართველ მეუღლესთან, ნანა ხაჩიძესთან ერთად

– მუსიე დელანოე, თქვენ იარაღებისა და ფოტოაპარატების იშვიათი კოლექციაც გაქვთ…

— ჩემ კოლექციაში 300 ფოტოაპარატია, რომლებსაც 20 წელია, რაც ვაგროვებ. მაქვს მეცხრამეტე საუკუნეში გადაღებული ფოტოების კოლექციაც. ჩემს ბაბუას პირველ მსოფლიო ომამდე გამოსული ფოტოაპარატი ჰქონდა. მამამ ბაბუას ტრადიცია გააგრძელა და ეს აპარატი მაროკოში წაიღო. კასაბლანკაში იგი 40-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა. ყველაზე უნიკალური ჩემ კოლექციაში 1986 წელს გამოშვებული პირველი ციფრული №71 კამერაა. ჩემ ოჯახში ისტორიული წიგნიცაა, რომელიც 12 კილოგრამს იწონის და სადაც ცნობილი ფრანგი გენერლების ხელმოწერებია. მიყვარს სიძველეები და საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ხშირად გავდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ბევრი ძველი, უნიკალური ნივთია…

საქართველოში ყოფნის დროს ვინსენტ დელანოე ქართველებით ძალიან მოიხიბლა. ორი რამ არ მოეწონა:

— არ მომეწონა თქვენი მოუწყობელი გზები და ის, რომ თქვენი თანამდებობის პირები ძალიან ძვირფასი ავტომობილებით გადაადგილდებიან, ფრანგები ამ მხრივ უფრო თავმდაბლები ვართ.

ბატონი ვინსენტის სახლში ყოფნის დროს მისი სარდაფიც მოვინახულეთ და ყველაზე მეტად რამაც იქ გაგვაოცა, ქართულწარწერიანი ბოთლებია, რომლებშიც მის მიერ ქართული რეცეპტით დამზადებული ტყემალი და მურაბაა. ამგვარი სათუთი დამოკიდებულების სანაცვლოდ მისი არაჩვეულებრივი ქართველი ცოლი ნანა ხაჩიძეც ყველაფერ ბრეტანულსა და ტრადიციულს უვლის და ეფერება.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliვინსენტ დელანოე
ვინსენტ დელანოე - Sputnik საქართველო
ვინსენტ დელანოე

რადგან მუსიკა ყველაზე უკეთ გამოხატავს ამა თუ იმ ხალხის სულიერ განწყობას და ხასიათს, მასალის ბოლოს ბრეტანული სიმღერის მოსმენას გთავაზობთ:

 

ყველა ახალი ამბავი
0