Soufan Group-მა „ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოდან 200-მდე ბოევიკი დაითვალა

© AFP 2024 / STEPHANE YASრადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" დროშა
რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა კომპანიამ გამოარკვია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს სირიასა და ერაყში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იბრძვის.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში სირიასა და ერაყში საქართველოდან სულ დაახლოებით 200 ადამიანი მოხვდა – ასეთია ამერიკული ორგანიზაცია Soufan Group-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები უცხოელი ბოევიკების შესახებ.

2017 წლის აპრილის მონაცემებით, სირიასა და ერაყში კვლავ რჩება 50-მდე დაქირავებული მებრძოლი საქართველოდან, ხოლო 50-ზე მეტი დაბრუნდა სამშობლოში, ნათქვამია კვლევაში სახელწოდებით „ხალიფატის მეორე მხარეს: უცხოელი ბოევიკები და დაბრუნებულთა საფრთხე".

რაიონი ჯაფრა, სადაც სირიის ჯარსა და ბოევიკებს შორის ბრძოლები გრძელდება - Sputnik საქართველო
სირიის ქალაქი მეადინი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

ახმეტის რაიონის ადმინისტრაციის მონაცემებით, სირიასა და ერაყში სულ საქართველოდან წასული 26 ადამიანი დაიღუპა. მათგან ყველაზე ცნობილია თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-უმარ აშ-შიშანი. ის 2016 წლის ივლისში ერაყში დაიღუპა. ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს" ძალების სარდალი იყო სირიის ჩრდილოეთში.

რაც შეეხება საქართველოს ახლო მეზობლებს, რუსეთიდან სირიასა და ერაყში წავიდა 3 417 ადამიანი, რომელთაგან 804 უკან დააბრუნეს სირია–თურქეთის საზღვრიდან, ხოლო 400 თვითონ დაბრუნდა უკან. ამასთან ერთად, რუსეთის 4 ათასზე მეტი მოქალაქე თურქეთის ხელისუფლების დაკვირვების ქვეშაა.

თურქეთიდან სირიასა და ერაყში 1,5 ათასამდე ადამიანი გადავიდა, 7,2 ათასი უკან დააბრუნეს, ხოლო 900-მდე — თვითონ დაბრუნდა.

აზერბაიჯანიდან სირიასა და ერაყში 900-ზე ნაკლები ადამიანი წავიდა, 252 უკან დააბრუნეს, ხოლო 1,6 ათასზე მეტი თურქეთის ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" მხარეს სულ იბრძვის 9 ათასამდე ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" რიგებს სულ მსოფლიოს 110-ზე მეტი ქვეყნიდან 40 ათასზე მეტი უცხოელი შეუერთდა.

Soufan Group-მა ანალოგიური კვლევა გამოაქვეყნა 2015 წლის დეკემბერშიც. მაშინ ტერორისტების მხარეს 27-დან 31 ათასამდე ადამიანი იბრძოდა.

ალეპო - Sputnik საქართველო
სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

მიუხედავად უცხოელი ბოევიკების რაოდენობის გაზრდისა, ბოევიკების ნაკადი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რადგან „ისლამურმა სახელმწიფომ" ტერიტორიების დაკარგვა დაიწყო სირიაშიცა და ერაყშიც.

ამასთან ერთად ორგანიზაცია Soufan Group-მა დაითვალა და გამოარკვია, რომ სირიიდან და ერაყიდან უკან დაბრუნდა, სულ ცოტა, 5,6 ათასი ადამიანი 33 ქვეყნიდან. ამით ისინი გამოწვევა გახდნენ იმ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, სადაც დაბრუნდნენ.

სახელმწიფოებმა ჯერ ვერ მოძებნეს დაბრუნებულების პრობლემების გადაჭრის გზები. ბევრი მათგანი დაკავებულია ან თვალთახედვის არედან გამქრალი. ქვეყნებს მეტი კვლევების ჩატარება, ასევე ინფორმაციების გაცვლა მოუწევთ, რათა გაიზარდოს საფრთხეების განსაზღვრის სტრატეგიის ეფექტურობა, აღნიშნეს Soufan Group-ში.

ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ, მიუხედავად იმისა, დაბრუნდებიან თუ არა სირიიდან და ერაყიდან თავიანთ ქვეყნებში ბოევიკები და იომეს მათ სირიასა და ერაყში თუ არა, ტერორისტული საფრთხე „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი ადამიანებისგან მაინც დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

საქმე ისაა, რომ 2014 წლის სექტემბერში „ისლამური სახელმწიფოს" სპიკერმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ ყველა მომხრეს, რომელსაც ხალიფატთან შეერთება არ შეუძლია, მოუწოდა, შეუტიონ მტრებს ნებისმიერი მეთოდით იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ნუ დაელოდებიან ინსტრუქციებს. 2014 წლის ივნისიდან, როდესაც ხალიფატის შექმნა გამოცხადდა, 2017 წლამდე ტერორისტებმა განახორციელეს 143 ტერორისტული აქტი 29 ქვეყანაში, რასაც 2 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იქიდან გამომდინარე, რომ სირიიდან და ერაყიდან დაბრუნებულები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენენ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ისინი დამკვიდრდებიან, Soufan Group-მა ისინი ხუთ კატეგორიად დაყო.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
იზორია: მსოფლიოში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

პირველ კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომლებმაც თავისი ქვეყნები ცოტა ხნით დატოვეს, ჩავიდნენ სირიასა და ერაყში, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში არ ჩადგნენ. მეორე კატეგორიაში არიან ისინი, ვინც ამ ქვეყნებში უფრო დიდხანს დარჩნენ, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს" ყველა ქმედებას არ ეთანხმებოდნენ. მესამე კატეგორიაში არიან ადამიანები, რომელთაც ამ ორგანიზაციის სტრატეგიასა და ტაქტიკაში ეჭვი არ შეაქვთ, მაგრამ მაინც დატოვეს ის. მეოთხე კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მთლიანად შეუერთდნენ „ისლამურ სახელმწიფოს", მაგრამ მისი დატოვება მოუწიათ გარკვეული გარემოებების გამო – ტერიტორიების დაკარგვის, დაკავების ან გასახლების გამო.

ბოლო და ყველაზე საშიშ კატეგორიაში არიან ადამიანები, რომლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ" სხვა ქვეყნებში ხალიფატისთვის ბრძოლისთვის გაგზავნა.

Soufan Group — ესაა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს რესურსებისა და ფორუმების შექმნას გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული კვლევების, ანალიზისა და სტრატეგიული დიალოგისთვის.

ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, რომლებიც განკუთვნილია პოლიტიკოსების, მთავრობების, მასმედიისთვის. Soufan Group-ის მუშაობა მიმართულია უსაფრთხოების რთული პრობლემების ფართო სპექტრზე — საერთაშორისო და შიდა ტერორიზმიდან დაწყებული, ჰუმანიტარული კრიზისებით, ლტოლვილებისა და იმიგრანტების და სხვა პრობლემებით დამთავრებული.

ყველა ახალი ამბავი
0