დღეს საქართველო 25 წლის წინ აფხაზეთში ომის დაწყებას იხსენებს

გამოწერა
ქვეყნის პირველი პირები და პოლიტიკოსები შერიგებასა და განმეორებითი სისხლისღვრის დაუშვებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველო დღეს, 14 აგვისტოს ტრაგიკულ თარიღს — 25 წლის წინ აფხაზეთში ომის დაწყებას იხსენებს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი. დაღუპულების ოჯახების წევრები, პოლიტიკოსები თუ სხვანი გვირგვინებით ამკობენ მემორიალს და სანთლებს ანთებენ აფხაზეთის საომარ მოქმედებებში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.

„14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა“, — ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც აფხაზურ ენაზეცაა გამოქვეყნებული.

მისი თქმით, „ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ვინაიდან ეს საზიანოა ჩვენთვის“ და მალე დადგება დრო, როდესაც „შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში“. 

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი მიაჩნია, რომ 25 წლის წინანდელი მოვლენები დღესაც უმთავრესი გამოწვევაა საქართველოს მოსახლეობისა და მისი ხელისუფლებისთვის.

„ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და, ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი“, — ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აღარასდროს იყოს ომი, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.  

„აღარ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, რათა არცერთი ახალგაზრდის სიცოცხლე აღარ დაიკარგოს. ჩვენს საზოგადოებებს ტკივილიც აერთიანებს, ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღეს კონფლიქტით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ“, — ციტირებს უწყების პრესსამსახური ციხელაშვილის სიტყვებს.

ტრაგედიის გამეორების დაუშვებლობაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძეც და ამბობს, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რათა ასრულდეს ის ოცნება, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ“.

ყველა ახალი ამბავი
0