თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური.
კერძოდ: 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.
31 ივლისის 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.
31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.
მაიკლ პენსი საქართველოს 31 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს ესტონეთსა და მონტენეგროში. პენსი საქართველოში რამდენიმე თვის წინ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.