არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკური თავისუფლების აქტის დასაცავად გამოდიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო ცენტრის მშენებლობა
სავაჭრო ცენტრის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება ინვესტორებს საქართველოდან წასვლისკენ უბიძგებს, რადგანაც ისინი გადასახადების მოულოდნელ გაზრდას უფრთხიან.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს, რომელიც  ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოქმედების გარანტიას იძლევა.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი მოსახლეობის თანხმობის გარეშე გადასახადების გაზრდას კრძალავს. კონსტიტუციის ეს ნორმა და შესაბამისად კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ თავის დროზე ეკონომიკური თავისუფლების აქტის ფარგლებში მიიღეს.

„პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში გაჟღერდა მოსაზრება კონსტიტუციის პროექტიდან 67-ე (მოქმედი რედაქციით 94-ე) მუხლის ამოღების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

საქართველოს მთავარი კანონიდან აღნიშნული მუხლის შესაძლო ამოღება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეაფასეს ნეგატიურად, ნათქვამია განცხადებაში. 

ჩაის პლანტაცია - Sputnik საქართველო
უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს საქართველოში ვეღარ იყიდიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტის გაუქმება ნეგატიურად აისახება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, რამდენადაც ბიზნესმენები გადასახადებისა და მოსაკრებლების მოულოდნელი ზრდის გამო სიფრთხილეს გამოიჩენენ. 

„მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას", — ნათქვამია განცხადებაში.

 აღნიშნულ ერთობლივ განცხადებას რვა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“(TI Georgia), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საზოგადოება და ბანკები, ევროპა საქართველოსთვის, Policy and Management Consulting Group, საქართველოს ატლანტიკური საბჭო (GRASS). 

მანამდე, კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმების შესახებ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გამოვიდა. მისი სიტყვებით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს აღნიშნული მუხლის გაუქმება მოსთხოვა, რადგანაც ის მთავრობის მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის ამოქმედებას ხელს უშლის.

მომავალ ოთხ წელში ხელისუფლება გეგმავს მთლიანად შეცვალოს საქართველოში საპენსიო სისტემა. კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დაგროვებითი პენსია დაინერგება. ამ ფორმით დასაქმებულები შეძლებენ  მათი გამომუშავებული ანაზღაურების პროპორციულად გადადონ თანხა. ამასთან დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართული იქნება დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.


ყველა ახალი ამბავი
0