თბილისი ყანჩელისა და შოსტაკოვიჩის შემოქმედების ფესტივალს მასპინძლობს

© photo: National Symphony Orchestra / FBკომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი
კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების „წერილი მეგობრებს“ პრემიერა გაიმართება თბილისში ფესტივალზე Alla Kontrapunkt.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ორი გამოჩენილი კომპოზიტორის – გია ყანჩელისა და დმიტრი შოსტაკოვიჩის შემოქმედების მუსიკალური ფესტივალი Alla Kontrapunkt თბილისში 9–15 მაისს გაიმართება, აღნიშნულია ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის Facebook–გვერდზე.

ფესტივალს, რომელიც ხუთი საღამოსგან შედგება, წარმოადგენენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი.

ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები აშშ–იდან, რუსეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. მათ შორის არიან უკრაინული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი კლარნეტისტი იულიან მილკისი, ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი, იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი, რუსი პიანისტები ქსენია ბაშმეტი და მარია მეეროვიჩი, მესაყვირე სერგეი ნაკარიაკოვი და ვიოლონჩელისტი ბორის ანდრიანოვი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: თბილისის კონსერვატორია მსოფლიო მასშტაბის კულტურის კერაა

კონცერტში ასევე მონაწილეობენ კამერული ორკესტრი Georgian Strings, გორის სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური საზოგადოებრივი კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი.

იდირიჟორებენ ნიკოლოზ რაჭველი, კახი სოლომნიშვილი და ნინო წიკლაური.

ფესტივალი 9 მაისს ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება და აჟღერდება შოსტაკოვიჩის №5 სიმფონია. აღსანიშნავია, რომ საღამოს დაესწრება კომპოზიტორის ყოფილი მეუღლე ირინა სუპინსკაია.

გახსნის დღეს შესრულდება ასევე ყანჩელის „სევდა ნათელი“.

ფესტივალზე Alla Kontrapunkt ყანჩელის შემოქმედებიდან ასევე შესრულდება კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი თეატრისა და კინოსთვის შექმნილი მუსიკა, ნაწარმოებები „ღამის ლოცვები“ და „იავნანა მზეს“, ასევე მინიატურები. გარდა ამისა, ფესტივალზე შედგება მისი ახალი ნაწარმოების „წერილები მეგობრებს“ პრემიერა.

დიჯეი - Sputnik საქართველო
თბილისი თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს

შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებიდან ფესტივალზე შესრულდება კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი საკრავებისთვის, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, სუიტა მუსიკიდან კინოფილმისთვის „ჰამლეტი“.

სამი კონცერტი (10, 12 და 14 მაისს) ჩატარდება რუსთაველის სახელობის თეატრში, ხოლო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი კვლავ ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც აჟღერდება ყანჩელის Styx და შოსტაკოვიჩის კონცერტი  ვიოლონჩელოსთვის №1.

კონცერტები დაიწყება 20:00 საათზე. ბილეთებისა და აბონემენტების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ–გვერდზე biletebi.ge.

პროექტის ორგანიზატორია ხელოვნების მოღვაწეთა კავშირი Conceptart საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0