კვირიკაშვილი თურქეთის რეფერენდუმზე: ჩვენ პატივს ვცემთ მოსახლეობის არჩევანს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშითურქეთი
თურქეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და მისი სტაბილური განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველო პატივს სცემს და მიესალმება თურქეთის მოსახლეობის არჩევანს, აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო შესწორებების შესახებ თურქეთის რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას.

თურქეთში რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის უფლებამოსილების გამტკიცების თაობაზე 16 აპრილს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით ცვლილებებს მხარი დაუჭირა მოსახლეობის 51,2%–მა, რაც 1,2 მილიონით მეტია, რეფორმის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე.

„ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის“, – აღნიშნულია კვირიკაშვილის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თურქეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილების შეტანით, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდება, ხოლო სახელმწიფო სისტემის მეთაური პრეზიდენტი გახდება, რომლის პრეროგატივაშიც შევა ყველა მაღალი თანამდებობის პირის — კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტის, მინისტრების, სასამართლოთა კოლეგიის წევრებისა და პროკურორების დანიშვნა. გარდა ამისა, მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

რეფერენდუმის შედეგებს არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდგეები, რომლებმაც გუშინ თურქეთის დიდ ქალაქებში საპროტესტო მასობრივი აქციები გამართეს. მათი განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები გაყალბებულია.

აქციებთან დაკავშირებით თურქეთში საგანგებო მდგომარეობის კიდევ სამი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტეს. მოთხოვნა ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა  2016 წლის ივლისში, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამი თვით შემოიღეს. მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობა ორჯერ სამ–სამი თვით გახანგრძლივდა.


ყველა ახალი ამბავი
0