სასამართლომ ყოფილი ვიცე-სპიკერის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

CC0 / Pixabay / AJEL / სასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ფულის მითვისების საქმეზე ბრალდებული გურამ (გუკა) რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ მისი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ მიიღო.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ფულის მითვისების საქმეზე ბრალდებული გურამ (გუკა) რჩეულიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის და 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

"ცენტრ-პოინტ გრუპის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ვაჟია, 2016 წლის ივნისში დააპატიმრეს. ციხეში დედამისი, კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილიც აღმოჩნდა. "ცენტრ-პოინტ გრუპის" ხელმძღვანელობას ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლის და საცხოვრებელი კომპლექსი "თეთრი მაგნოლიას" მშენებლობისას თანხების გაფლანგვა ედება ბრალად.

მაია რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს ერთ ეპიზოდზე 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

"ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოეწურა. სასამართლომ საქმის განხილვის დასრულება ვერ მოასწრო და, კანონის თანახმად, ვალდებულია ის გაათავისუფლოს. მას აღმკვეთი ღონისძიება 30000 ლარის გირაოთი შეუცვალეს. ეს თანხა მან 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს", — განაცხადა ცუცქირიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გუკა რჩეულიშვილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი ჩამოართვეს, რათა მან ქვეყნის დატოვება ვერ შეძლოს, აღნიშნა ადვოკატმა.

გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლებას პროკურატურაც მოითხოვდა, მაგრამ ის გირაოს სხვა თანხას ასახელებდა — 50 000 ლარს.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას ოთხწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე მიესაჯა — 2004-2009 წლებში ამხანაგობა "თაბუკაშვილის 88"-ის მეპაიეთა თანხებიდან 11 მილიონი ლარის თაღლითური მითვისების გამო. ამხანაგობა საცხოვრებელ კომპლექსს სააკაძის მოედანზე აშენებდა. ოთხი წლით პატიმრობა მის დას რუსუდან კერვალიშვილსაც მიესაჯა.

"თეთრი მაგნოლიის" საქმეში კიდევ ორი ფიგურანტია — "ცენტრ-პოინტ აჭარას" ფილიალის ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი და ამჟამინდელი დირექტორი ირაკლი მინდელი. ამჟამად ისინი თავისუფლები არიან. მათი საქმეები ცალკე ეპიზოდებად განიხილება.

ქართული სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტ გრუპი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან მაია რჩეულიშვილი — საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლე და მისი და — პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის აქციების 50-50% ეკუთვნით.

"ცენტრ-პოინტ გრუპი" სკანდალში არაერთხელ გაეხვა. დედაქალაქისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობა მათ თაღლითობას და ფულის მითვისებას აბრალებდა.

ყველა ახალი ამბავი
0