20-ზე მეტი აფთიაქის ხელმძღვანელ პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას „სააფთიაქო ნარკომანიის“ საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 21 აფთიაქი ამხილა ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია.

„დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
აფთიაქებმა ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო გაყიდვით $2,5 მლნ დოლარი იშოვეს
 

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობების დადგენის მიზნით ყველა გამოვლენილ ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 დან 3 წლამდე.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.

ყველა ახალი ამბავი
0