საქართველო კავკასიაში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა

გამოწერა
ოთხი წლის წინ საქართველოს ანალოგიურ კვლევაში 55-ე ადგილი ეკავა, ახლა კი მე-40 ადგილზეა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანულმა კვლევითმა ცენტრმა New Economic Foundation გამოაქვეყნა ახალი კვლევა „ბედნიერების მსოფლიო ინდექსი“ (The Happy Planet Index), რომლის მიხედვით, საქართველო რეგიონში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა აღმოჩნდა.

„ბედნიერების მსოფლიო ინდექსი“ კომბინირებული მაჩვენებელია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერების დონეს ზომავს. საქართველომ ამ რეიტინგში 140 ქვეყანას შორის მე-40 ადგილი დაიკავა და ისლანდიასა (39-ე) და კვიპროსს (41-ე) შორის მოხვდა. ამით საქართველომ მაჩვენებელი 15 პოზიციით გაიუმჯობესა. ბოლო კვლევაში, რომელიც 2012 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს 55-ე ადგილი ეკავა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა - Sputnik საქართველო
საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სამეულშია

საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყანა აღმოჩნდა რეგიონში უახლოეს ქვეყნებს შორის. კვლევის თანახმად, თურქეთი 68-ე ადგილზეა, რუსეთი — 116-ზე, ხოლო სომხეთი — 73-ზე (აზერბაიჯანი რეიტინგში არ მოხვდა).

რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი (44-ე ადგილი), გერმანია (49-ე), იტალია (მე-60) და აშშ (108-ე).

დსთ-ის ქვეყნებს შორის ყველაზე ბედნიერი ადამიანები, კვლევის თანახმად, ყირგიზეთში ცხოვრობენ, რომელსაც რეიტინგში 31-ე ადგილი უკავია. მას მოსდევენ უზბეკეთი (51-ე), ბელარუსი (102-ე), ყაზახეთი (114-ე), თურქმენეთი (134-ე).

რეიტინგის ლიდერები არიან კოსტა-რიკა (1-ლი ადგილი), მექსიკა (მე-2) და კოლუმბია (მე-3). ბოლო ადგილებზე არიან ტოგო (138-ე), ლუქსემბურგი (139-ე) და ჩადი (140-ე).

ბედნიერების ინდექსის ფორმულა შემდეგნაირად დგება: ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი მრავლდება ცხოვრების ხანგრძლივობაზე და იყოფა ეკოლოგიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

პირველი მსგავსი რეიტინგი 2006 წელს შეადგინეს. მისი მიზანია, აჩვენონ, რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად უზრუნველყოფს ქვეყანა თავისი მოსახლეობის ბედნიერ ცხოვრებას.

New Economic Foundation კვლევის შედეგებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0