თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მოედანზე აღარ გამოვა, იუწყება გამოცემა Gazzetto dello sport.
ინციდენტი იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩის, „კაპრისა“ და „ემპოლის“ შორის შეხვედრისას მოხდა. 26-ე წუთზე მჭედლიძემ მეტოქისთვის იდაყვით განზრახ დარტყმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. „ემპოლიმ“ მატჩი 0:1 წააგო.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა შეისწავლა ეპიზოდი და ქართველი თავდამსხმელს სამ მატჩზე დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა, რადგანაც „სერია А“-ში სამი ტურია დარჩენილი.
ამ გადაწყვეტილებაზე მჭედლიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „რა შემიძლია ვთქვა? არ მჯერა, რომ ეს მოხდა… სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და არ მესმის, რატომ, განვიცდიდი, რომ გუნდი უმცირესობაში დავტოვე, არ მესმოდა, რატომ გამაძევეს. ახლა კი საქმე უფრო ცუდად წავიდა…“
მჭედლიძემ გასული წლის სექტემბერში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრაზე სერიოზული ტრავმა მიიღო. ამის გამო თავდამსხმელმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. „ემპოლის“ შემადგენლობაში მჭედლიძე თებერვალში დაბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში „კაპრის“ წინააღმდეგ მატჩამდე არ გასულა.