რვა ქვეყანა ერთ სივრცეში - ტურისტული გამოფენა საქართველოში

© Sputnik/Levan AvlabreliCaucasus Tourism Fair CTF 2016
Caucasus Tourism Fair CTF 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ში მონაწილეობენ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ინდონეზიიდან, ტაილანდიდან და ესტონეთიდან.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების საერთაშორისო ტურისტულმა გამოფენამ Caucasus Tourism Fair CTF 2016 რვა ქვეყანა და ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებული ასზე მეტი კომპანია შეკრიბა.

საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ბელარუსი, უკრაინა, ინდონეზია, ტაილანდი და ესტონეთი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილე ქვეყნები არიან, რომელიც საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიაში“ 14-16 აპრილს მიმდინარეობს. 

„ექსპო–ჯორჯიაში“ სხვადასხვა ეროვნების სიმღერის, ენისა და კულტურის ნაზავია წარმოდგენილი. თითოეული ქვეყანა საკუთარი სამშობლოს უკეთესად წარმოჩენას ცდილობს და მისი უნიკალურობის შესახებ მოგვითხრობს.

© Levan AvlabreliCaucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილეები
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილეები - Sputnik საქართველო
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ის მონაწილეები

სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები სიამოვნებით იწვევენ სტუმრებს საკუთარ სტენდთან, გულუხვად უმასპინძლდებიან ეროვნული ტკბილეულით და სხვადასხვა ტურისტულ პაკეტს სთავაზობენ ფასდაკლებით — ეს წელს გამოფენის ორგანიზატორების აუცილებელი მოთხოვნაა.

გამოფენაზე თითოეული ქვეყნის კულტურასთან შეხება და მისი შეგრძნებაა შესაძლებელი. ინდონეზიური ყავის დალევა, თურქული ნუგბარის დაგემოვნება, ეროვნული სამოსის დათვალიერება და ხალხური მუსიკის მოსმენა — მათ შორის ქართულისაც.

© Levan AvlabreliCaucasus Tourism Fair CTF 2016-ზე მსურველებს ინდონეზიური ჩაის დაგემოვნებაც შეეძლოთ
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე  მსურველებს ინდონეზიური ჩაის დაგემოვნებაც შეეძლოთ - Sputnik საქართველო
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე მსურველებს ინდონეზიური ჩაის დაგემოვნებაც შეეძლოთ

გამოფენაზე შეგხვდებათ ღვინის, ჩირის, სუვენირების, სხვადასხვა ნაკეთობის, ნაქსოვი ხელთათმანების, წინდების, თმის საბურავებისა და სამკაულების კუთხეები.

გამოფენის სტუმრებს, განსაკუთრებით უცხოელებს, იზიდავს კუთხე, სადაც თიხის ჭურჭელს ამზადებენ.

ქართული სტენდებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის სტენდი, რომელიც მცენარეთა 5 ათასზე მეტ სახეობას მოიცავს. სტენდი დამშვენებულია სხვადასხვა ფერებითა და აჭარიდან ჩამოტანილი მცენარეებით, მათ გვერდით აკვარიუმში თევზები დაცურავენ.

© Levan AvlabreliCaucasus Tourism Fair CTF 2016-ზე თიხის ნაკეთობების კუთხე
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე თიხის ნაკეთობების კუთხე - Sputnik საქართველო
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე თიხის ნაკეთობების კუთხე

საყურადღებოა ასევე კურორტ კოჯრის სტენდი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი, სასარგებლო ჩაით უმასპინძლდებიან. კურორტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კოჯორში დასვენების შესახებ, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ სუფთა ჰაერზე დასვენება, არამედ კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაცია და კვების ინდივიდუალური და სწორი რაციონის შერჩევა.

ტურიზმი — ეკონომიკური ზრდის გარანტია

საქართველოში დარწმუნებული არიან – საქართველო უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის ქვეყანაა და საჭიროა, რომ ეს პოტენციალი განვითარდეს და სწორად იქნას გამოყენებული. სწორედ ეს უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზებასა და ეკონომიკურ ზრდას.

ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სტრატეგია, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წელიწადში სტუმრების რაოდენობა 5,9 მილიონიდან 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

© Levan Avlabreliსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე  - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე

„ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. იცით, რომ სტრატეგია შევიმუშავეთ, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 5 900 ათასიდან 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, თითოეული ასეთი გამოფენა ჩვენი მიზნის მიღწევას უწყობს ხელს“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობა რჩება. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის დონე 12,4%-ს შეადგენს, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ უმუშევრობასთან ბრძოლა ტურიზმის განვითარებით შეიძლება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაზე აქტიურად მუშაობს. ეს მოიზიდავს არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. 

© Levan AvlabreliCaucasus Tourism Fair CTF 2016-ზე მაღალმთიანი სვანეთიც იყო წარმოდგენილი
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე მაღალმთიანი სვანეთიც იყო წარმოდგენილი - Sputnik საქართველო
Caucasus Tourism Fair CTF 2016-ზე მაღალმთიანი სვანეთიც იყო წარმოდგენილი

„მსგავსი გამოფენები სწორედ ის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც ამა თუ იმ რეგიონის პოპულარიზაცია ხდება“, — განაცხადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა.

მან მაგალითად ხონის რაიონის სოფელი გორდი მოიყვანა, რომელიც ძალიან ღარიბი სოფელი იყო და პოპულარული ტურისტული ადგილებით არ გამოირჩეოდა. ხელისუფლებამ კინჩხისა და ოკაცეს კანიონები მოაწესრიგა, რეკლამა გაუწია და ახლა ეს სოფელი ტურისტებს შორის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. 

ახლა აქ ახალი სასტუმროები, მაღაზიები და რესტორნები გაჩნდა. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა ოთხ წელიწადში დაახლოებით 400 ათასი ლარი შეადგინა, აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

2016 წელს დაიწყება ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოები რაჭასა და ერუშეთში (სამხრეთ საქართველო). ხელისუფლება იქ არა მარტო ეროვნული პარკის შექმნას, არამედ ბუნების მცირე ძეგლების შექმნასაც აპირებს, რომლებიც ტურისტული სეირნობის ადგილები გახდება, დარწმუნებული არიან მთავრობაში.

საქართველოს ნაკრძალები

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია — ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 520 811 ჰექტარია, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 8,6%-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყითაა დაფარული.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა თბილისში პირველად 1998 წელს ჩატარდა. ის დედაქალაქში ყოველ წელს იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენისადმი ინტერესი როგორც უცხოური კომპანიების, ისე სტუმრების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება. მორიგი გამოფენა თბილისში 2017 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0