თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სტამბულის ხალხმრავალი ქუჩები შაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ უჩვეულოდ ცარიელია. მოქალაქეთა უმრავლესობამ, უსაფრთხოების მიზნით, უქმეების შინ გატარება არჩია, იუწყება РИА Новости გაზეთ Hurriyet–ზე დაყრდნობით.
სტამბულის ქუჩები გუშინ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შემდეგ დაცარიელდა. მიუხედავად იმისა, რომ ისთიქლიალის ცნობილი ქუჩა, სადაც შაბათს ტერაქტი მოხდა, უკვე გახსნილია, იქ უჩვეულოდ ცოტა ხალხი მოძრაობს.
„ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. დღეს ჩვენი მუდმივი კლიენტები არ გამოჩენილან. ბევრმა რესტორნებში შეკვეთები გააუქმა“, — თქვა ადგილობრივმა მაღაზიის მეპატრონემ.
ასევე უჩვეულოდ ცარიელია სტამბულის სამანქანე გზები, რომლებზეც, უმეტესად, გამუდმებული საცობებია.
„სხვა დროს ქალაქის ცენტრში ძლივს ვმოძრაობთ ხოლმე, დღეს კი სიცარიელეა“, — განაცხადა ერთ–ერთმა ტაქსისტმა.
ტერაქტის შემდეგ ასევე ხალხის სიმცირეა ქალაქის აზიურ ნაწილშიც, მეტროშიც და ბოსფორის საბორნე გადასასვლელებზეც.
შაბათს სტამბოლის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ხელისუფლება ხუთი დაღუპულისა და 36 დაშავებულის თაობაზე იუწყება. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც ტურისტთა თავშეყრის ადგილია, ასევე მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები.