ირანი და აზერბაიჯანი: ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გზაზე

გამოწერა
სერგეი მარკედონოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფონზე, ბაქოსა და თეირანის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ მსჯელობს. სერგეი მარკედონოვი — რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საზღვარგარეთის რეგიონმცოდნეობისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის დოცენტი სპეციალურად Sputnik–ისთვის

„აზერბაიჯანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა  ირანისთვის სანქციების დაწესებას და ამის შესახებ ღიადა აცხადებდა საერთაშორისო არენაზე“, — ეს სიტყვები ილჰამ ალიევმა ჰასან როუჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა თეირანში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სიმპტომატურ პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ალიევმა და როუჰანიმ პირველი მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა. დღის წესრიგი მეტად გადატვირთული იყო. პრეზიდენტებმა საბანკო სფეროში თანამშრომლობის, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. თუმცა ამ ვიზიტის მნიშვნელობა მხოლოდ ოფიციალური დიპლომამტიური ფორმატით არ შემოფარგლულა.

პირველი: უნდა აღინიშნოს დროის კონტექსტი, რა დროსაც უმაღლესი დონის აზერბაიჯანულ–ირანული შეხვედრა გაიმართა. ილჰამ ალიევის ვიზიტი 23 თებერვალს შედგა, ანუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ბაქოში ვიზიტის გადადებიდან ხუთი დღის მედეგ. ამ ორ თარიღს შორის მონაკვეთში თბილისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ეს ის სამი სახელმწიფოა, რომლებმაც 2012 წელს ტრაბზონის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ბაქო უკვე კარგა ხანია, რაც ანკარასთან და თბილისთან ურთიერთობას საკუთარ სტრატეგიულ  არჩევანად განიხილავს, რაც რეგიონსა და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომგებიანია მთელი რეგიონისათვის

თუმცა, იგივე საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი არ ისწრაფვის, საკუთარი პოზიცია მხოლოდ ძალთა ერთ ცენტრთან გააიგივოს.  მონაწილეობს რა ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებში თურქეთთან და საქართველოსთან (ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „აბრეშუმის გზა“, ტრანსადრიატიკული და ტრანსანატოლიური  მილსადენები, რასაც ყველანაირად უჭერენ მხარს აშშ– ცა და მათი ევროპელი მოკავშირეებიც), აზერბაიჯანი, რაღა თქმა უნდა, გარკვეულ კონკურენციას უწევს სხვა დაინტერესებულ მოთამაშეებს, უპირველესად კი, რუსეთსა და ირანს. თუმცა, ამავდროულად, ოფიციალური ბაქო არ მიისწრაფის უარი თქვას მეზობლებთან ხელსაყრელ კოოპერაციაზე.

ამიტომაც იმსჯელა ილჰამ ალიევმა თეირანში ვიზიტისას ჰასან როუჰანისთან სატრანსპორტო კოოპერაციის პერსპექტივებზე. ირანი პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის სარკინიგზო ხაზები უკვე 2016 წლის ბოლოსთვის დაუკავშირდება ერთმანეთს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელსაა ნავარაუდევი ბაქო–თბილისი–ყარსის გზის გაშვებაც. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მსგავსად, სახეზეა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია. თავის დროზე ამ კურსს ძალზე მოსწრებულად უწოდეს „საქანელის პოლიტიკა“.

ამას დავუმატოთ „სასანქციო ფაქტორიც“. ზოგი დისკრიმინაციული ზომები ირანის მიმართ მოხსნილია. შესაძლოა მალე სხვა ბარიერების მოხსნის მოწმენიც გავხდეთ. ყველაფერი ეს ამაღლებს ისლამური სახელმწიფოს როლს მსოფლიო ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში.

აზერბაიჯანისთვის ნავთობგაზის სექტორში არსებულ ვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (აქ უნდა აღინიშნოს მსოფლიო ფასების ვარდნა „შავ ოქროზე“ და ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები). აქედან გამომდინარე, მძლავრ მეზობელთან ეკონომიკური ინტერესების შეთანხმება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მეორე: აზერბაიჯანი ცდილობს ბალანსირება მოახერხოს თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის. ანკარისა და ბაქოს საერთო პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, კარგადაა ცნობილი. ასევე ცნობილია გარკვეული რუსულ–აზერბაიჯანული და აზერბაიჯანულ–ირანული წინააღმდეგობები, რაც მოსკოვისა და ერევნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასევე იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს უკავშირდება, რომელიც ირანსა და სომხეთს შორის დამყარდა პოსტსაბჭოთა პერიოდში.

ირანის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, უპირველესად, ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული. თუმცა ისლამურ სახელმწიფოს კავკასიაშიც აქვს მნიშვნელოვანი ინტერესები.

ირანს აზერბაიჯანთან და სომხეთთან 660 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. შედარებისთვის: თურქეთ–სომხეთის საზღვარი (რომელიც ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილია) 325 კმ–ს შეადგენს, თურქეთ–საქართველოსი — 267 კმ–ს, ხოლო თურქეთ–აზერბაიჯანისა — 18 კმ–ს.

სერგეი მარკედონოვი - Sputnik საქართველო
რუსულ–თურქული კონფრონტაცია: კავკასიური განზომილება
 
პროფესორ სეიდ ჯავად მირის თქმით, „ირანი სავსებით დარწმუნებულია, რომ კავკასიის პრობლემები თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, ხოლო არარეგიონული მოთამაშეები, როგორებიც არიან: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ ან ისრაელი, მხოლოდ ართულებენ ვითარებას“. სწორედ აქედან გამომდინარეობს ისლამური რესპუბლიკის ნეგატიური დამოკიდებულება კავკასიის ინტერნაციონალიზაციის მცდელობებისადმი სხვადასხვა საბაბით. ოფიციალურ თეირანს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვერ ხედავს მთიანი ყარაბაღის დარეგულირების „საბაზო პრინციპებს“, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის  სამი თანათავმჯდომარის (აშშ, რუსეთი და საფრანგეთი) მიერაა შემოთავაზებული, როგორც ამ კონფლიქტის გადაჭრის საფუძველი.

ირანის გარდა, არცერთ მხარეს არ განუცხადებია, რომ აქვს დარეგულირების ალტერნატიული ვარიანტი. და მიუხედავად იმისა, რომ ირანის ალტერნატივა აქამდე არ არის საჯაროდ გაცხადებული, მაინც შეიძლება გა ვაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ისლამურ რესპუბლიკას არ აწყობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია უშუალოდ მის საზღვრებთან ახლოს. და თუმცა ოფიციალური ბაქო კვლავაც განაგრძობს მინსკის ჯგუფთან თანამშრომლობას მთლიანობაში და ცალ–ცალკეც მის თავმჯდომარე ქვეყნებთან და არ აპირებს უარი თქვას ამაზე, აზერბაიჯანული დიპლომატია დაინტერესებულია როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის საპირწონეებით.

ამასთან, თეირანის პოზიცია სირიასთან დაკავშირებით პრინციპულად განსხვავდება ანკარის მიდგომებისგან. ბაშარ ასადის ჩამოგდებას ირანში ისე აღიქვამენ, როგორც ახლო აღმოსავლეთის თარგის რადიკალური შეცვლის საშიშ პრეცედენტს. 

ირანი - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: ირანი და საქართველო

აზერბაიჯანი თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც თავს არიდებს ნებისმიერი ტიპის კოალიციაში გაწევრიანებას. თუმცა, ახლოაღმოსავლურ რეგიონში მკვეთრი ტრანსფორმაციის მიუღებლობით, ბაქო უფრო თეირანთანაა ახლოს, ვიდრე ანკარასთან — მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო ამ თემაზე ოფიციალურად არ პედალირებს.

მესამე: გეოპოლიტიკური მიზეზების გარდა, ირანსა და აზერბაიჯანს ორმხრივი ურთიერთობების საკუთარი დღის წესრიგი (და დინამიკაც) აქვთ.

ირანელი ექსპერტის, ჰამედ ქაზემზადეს აზრით, „ირანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებს ყოველთვის განსხვავებული პარამეტრები ჰქონდა“. ერთი მხრივ, ორ ქვეყანას საერთო ისტორია და სარწმუნოება აკავშირებს (ირანი შიიტური ქვეყანაა, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობის 65% სწორედ ისლამის ამ მიმდინარეობას მისდევს). მეორე მხრივ, მეზობელ ქვეყნებს წარსულში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები განასხვავებდა. ბაქოს ყოველთვის აღელვებდა ირანის იდეოლოგიური ზეგავლენა, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის შიგნით რელიგიურ ვითარებაზე. აქედან გამომდინარეობს ის ფარულად, ხან კი ღიად დეკლარირებული შფოთვა ირანელ მქადაგებლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით — ანუ ყველაფერ იმასთან, რასაც ისლამური რესპუბლიკის „რბილ ძალას“ უწოდებენ.

რაც შეეხება თეირანს, მისთვის მთავარი გამოწვევები იყო  (და რჩება) ბაქოს დასავლეთთან და განსაკუთრებით კი ისრაელთან სამხედრო–ტექნიკური და ენერგეტიკული კოოპერაცია. საკმარისია თუნდაც მხოლოდ ირანსა და აზერბაიჯანს შორის 2012 წელს წარმოებული შპიონური სკანდალების გახსენება.

განსაკუთრებული ნორმაა აზერბაიჯანელების მდგომარეობა ირანში  (სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 25–დამ 35 მლნ ადამიანს შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მოქალაქეთა რაოდენობას). და თუმცა არ ღირს, გადაჭარბებულად შევაფასოთ ბაქოს ძალისხმევა აზერბაიჯანული დიასპორების საქმიანობის სტრუქტუირების კუთხით, ისინი იწვევდნენ (და ალბათ, კვლავაც გამოიწვევს) გარკვეულ ფობიებს თეირანში.

არ არის გამორიცხული, რომ ეჭვები აზერბაიჯანის დიასპორასთან დაკავშირებით კიდეც შესუსტდეს, განსაკუთრებით, თუკი დასავლეთისა და ისლამური რესპუბლიკის ურთიერთობები აღმავალი ხაზით განვითარდება. თავის დროზე ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ცდილობდა, „გახლეჩილი ხალხის“ თემა იმისთვის გამოეყენებინა, რომ თეირანი „გამოჭერილი“ ჰყოლოდა. ახლა, როდესაც ირანის მიმართულებით „გადატვირთვა“ შეინიშნება, არსებობს შანსი, რომ ერთ–ერთი ურთულესი თემა პრაგმატულად გადაწყდეს.

თუმცა წვეტიანი წყალქვეშა ქვები აქაც შეინიშნება. თავის დროზე ირანთან დაპირისპირება აზერბაიჯანს დასავლეთისთვის საინტერესო პარტნიორად ხდიდა და ამადაც იქ ადამიანის უფლებებისა თუ საარჩევნო პროცედურების დარღვევას ფარავდა. „ირანის კვანძის“ გახსნა კი რაღაც ხარისხით ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ექსკლუზიურობას. შედეგები აქ აშკარა არ არის. თუმცა ამ ვითარებაში ბაქო ცდილობს დასწრებაზე ითამაშოს, რათა სამხერთ მეზობელთან ურთიერთობებში ყველა პრობლემას თუ ვერ მოხსნის, პრაგმატიზმის მძლავრი მუხტი მაინც შეიტანოს. და ალიევისა და როუჰანის პირადი ურთიერთობები ამგვარი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია.

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას.

ყველა ახალი ამბავი
0