თბილისში ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

© courtesy of Chamber of Culture of Georgiaკინორეჟისორი ელდარ შენგელაია
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახსნის ცერემონიამდე შენგელაიას პატივსაცემად საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც რეჟისორის ცნობილი ფილმებიდან ნაწყვეტებს აჩვენებენ.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ 2016 წლის 26 იანვარს ელდარ შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება, იუწყება საქართველოს კულტურის პალატა.

გახსნის ცერემონიამდე შენგელაიას პატივსაცემად საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც რეჟისორის ცნობილი ფილმებიდან ნაწყვეტებს აჩვენებენ.

ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.

1958 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). მისი თანაკურსელები იყვნენ ალექსანდრ კუროჩკინი, ედუარდ აბალიანი და ალექსეი სახაროვი.

1958-1960 წლებში „მოსფილმში“ მუშაობდა რეჟისორად, ხოლო 1960 წლიდან — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ დაიწყო (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.

პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა.დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიცქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული. 

1975-1980 წლებში შენგელაია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორთა კურსს უძღვებოდა. 1976-1991 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პირველი მდივანი. 

ელდარ შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვა.

1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის.

 

ყველა ახალი ამბავი
0