ჯონდი ბაღათურია: საქართველო და რუსეთი მოკავშირეები უნდა იყვნენ

© photo: Sputnikჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერის განცხადებით, საქართველოს იდენტობისა და ერთიანობის შენარჩუნების გზაზე, რუსეთი ერთადერთ გარანტორს წარმოადგენს.

თბილისი,  4 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ და რუსეთმა უნდა მოახერხონ სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენა და იმ ანომალური ვითარებიდან გამოსვლა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაღათურია 7 სექტემბერს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სამი დღის განმავლობაში პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან გამართავს შეხვედრებს. თბილისში ბაღათურია 11 სექტემბერს დაბრუნდება.

„ჩვენ ახალი, დიდი მოძრაობისთვის ვემზადებით, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისკენ იქნება მიმართული, რადგანაც საქართველო და რუსეთი მოკავშირეები უნდა იყვნენ. საქართველოს განვითარების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ქართველები და რუსები – ორი მოძმე ერია და ორ ქვეყანას შორის დღეს შექმნილი ვითარება ნონსენსი და ანომალიაა“, – განაცხადა ბაღათურიამ. 

ბაღათურიას აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მისამართით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და აბაშიძე–კარასინის „სწორი ფორმატი“ შექმნა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც  ვერ მოახერხეს შაბლონებიდან გამოსვლა და „დასავლეთის მარიონეტებად“ იქცნენ. პოლიტიკოსის განმარტებით, აუცილებელია ორივე ქვეყანამ მეორე ნაბიჯი გადადგას. 

„ჩვენ სამი წევი ველოდით ხელისუფლებიდან იმას, რასაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ და რითაც ნინო ბურჯანაძეა დაკავებული“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაღათურიამ.

ოპოზიციონერის განცხადებით, საქართველოს იდენტობისა და ერთიანობის შენარჩუნების გზაზე, რუსეთი ერთადერთ გარანტორს წარმოადგენს.  

„ვიღაც შეიძლება პარადოქსადაც კი თვლიდეს ამას, მაგრამ საქართველოს სტაბილურობა, გამთლიანება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთი ამ დრომდე წარმოადგენს საქართველოსთვის იმ ფაქტორს, რომელიც საქართველოს ერთიანობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების განმსაზღვრელია. გარდა ამისა, რუსეთი არა მარტო კავკასიაში წარმოადგენს ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორს და მისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა კავკასიის  სახელმწიფოებისათვისაც თვალსაჩინოა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბაღათურია დარწმუნებულია, რომ მხარეები მესამე ძალის ჩარევის გარეშე შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომას და კონსენსუსის ამ გზით მიღწევას.

„ჩვენ 200–წლიანი მეგობრობის გამოცდილება გვაქვს, ორივე ქვეყნის კულტურა მჭიდროდ დაკავშირებულია ერთმანეთთან და რაც მთავარია, ჩვენ ერთმორწმუნე ხალხი ვართ. ჩვენი უგუნური ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთის დაცემაზე ოცნებობს, ეს არასოდეს მოხდება. მაგრამ თუ ასე მოხდა ჩვენ როგორი მეზობლების პირისპირ აღმოვჩნდებით? ძალზე არასასურველის, ხომ? ჩვენი მეზობლები გახდებიან ოსები, რომლებთანაც ჩვენ კონფლიქტი გვაქვს და ინგუშები და ჩეჩნები“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

 „ქართული დასის“ ლიდერმა უჭკუო პოლიტიკოსებად მოიხსენია ისინი, რომლებიც საქართველოს მთავარ მოკავშირეებად ნატოს, აშშ–ს და ევროპას ასახელებენ. მისი განმარტებით ეს ე.წ. მოკავშირეები საქართველოს განვითარებაში არანაირ ინვესტიციას არ დებენ და მათ მოკავშირეობას საქართველოსთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

ბაღათურიას განმარტებით, დღვანდელი მდგომარეობით, საქართველოში ინვესტიციებს აზერბაიჯანი დებს და 99% ამ ინვესტიციებიდან არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარებას ხმარდება. რაც შეეხება თურქებს, ბაღათურიას თქმით, ისინი საქართველოში ძირითადად, „საეჭვო რეპუტაციის მქონე სტრიპტიზ–კლუბებისა და კაზინოს“ მშენებლობით არიან დაკავებულნი. 

ოპოზიციონერმა ასევე გაიხსენა თურქეთის პრემიერ–მინისტრის ახმედ დავითოღლუს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთს აჭარაში საკუთარი გავლენის სფეროების აღდგენის სურვილი აქვს. 

„ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიული გამოთქმა, რომელიც საქართველო–თურქეთის ურთიერთობებისთვის ზიანის მომტანი იქნება. ასე რომ, რუსეთის კავკასიის ტერიტორიაზე ყოფნა – ეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების დამატებითი ფაქტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, იგი რუსეთში იმისათვის მიემგზავრება, რომ დარწმუნდეს თუ რამდენადაა ნიადაგი მომზადებული რუსულ–ქართული ურთიერთობების აღდგენისათვის.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივები. მე ყურადღბით ვუსმენ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც ძალზე ძლიერი, ჭკვიანი და გონიერი ლიდერია და რომელიც ტყუილუბრალოდ არაფერს ამბობს. მე ვხედავ, რომ ქართველი და რუსი ხალხი სულ მოკლე პერიოდში ურთიერთობების აღდგენას მოახერხებენ“, – განაცხადა ბაღათურიამ.


ყველა ახალი ამბავი
0