მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი მშვიდობიანი ატომის გზაზე

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენაში 18 დღე გაგრძელდა მოლაპარაკებათა დამამთავრებელი რაუნდი. ირანმა და საერთაშორისო შუამავლების „ექვსეულმა“ რამდენიმე საკითხში მიაღწიეს კომპრომისს. მოლაპარაკების მონაწილეთა უმეტესობა შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. „ექვსეულისა“ და ირანის ურთულესი მოლაპარაკებები, რომლებიც 10 წელი გრძელდებოდა, სამშაბათს დასრულდა. მხარეებმა მოქმედებათა ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა მიიღეს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ირანს სრულად მოეხსნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უახლოეს ხანში წარედგინება შეთანხმების დამადასტურებელი რეზოლუცია, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

გრძელი გზა შეთანხმებისკენ

2013 წლის ნოემბერში ჟენევაში მოქმედების დროებითი ერთობლივი გეგმის მიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვლიდან, „ექვსეულისა“ და ირანის მრავალრაუნდიანი შეხვედრები ვენაში, მონტრეში, ლოზანასა და  ჟენევაში ტარდებოდა. 

მოლაპარაკებათა დამამთავრებელმა რაუნდმა ავსტრიის დედაქალაქში 18 დღეზე მეტ ხანს გასტანა. „ექვსეულსა“ და ირანს ჯერ კიდევ 1 ივლისს უნდა შეემუშავებინათ შეთანხმების პირობები, ვინაიდან სწორედ ამ დღეს იწურებოდა გრაფიკით დადგენილი ვადა. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა დედლაინის წინა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები დადგენილ ვადაში მიაღწევდნენ შეთანხმებას და ურჩია მათ, მზად ყოფილიყვნენ. „თუმცა, 30 ივნისი შესაძლოა 24 საათით გახანგრძლივდეს“, — დაამატა მან.  გერმანელი მინისტრის წინასწარმეტყველება ახდა. ისტორიული შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის  30 ივნისი უკვე 300 საათით იყო „გახანგრძლივებული“.     

სანქციების გაუქმება

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება რეზოლუცია, რომელიც დაადასტურებს „ექვსეულისა“ და ირანის შეთანხმებას, ხოლო უსაფრთხოების საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის შემდეგ შეთანხმება ძალაში შევა. რეზოლუციის მიღების შემდეგ ძალას დაკარგავს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული სხვა შვიდი გადაწყვეტილება, რომლებშიც თეირანისთვის დაწესებულ სასანქციო ზომებზე იყო  საუბარი. სანქციები ირანს მისი  ბირთვული პროგრამის გამო დაუწესდა. 

მოლაპარაკებათა წევრი ყველა სახელმწიფო არის რეზოლუციის თანაავტორი. მისი ტექსტი უკვე მზადაა. რეზოლუცია 10 წლის მანძილზე იმოქმედებს. შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის გასაწევად ერთობლივი კომისია შეიქმნება, რომელშიც „ექვსეულის“ გარდა, ირანისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც შევლენ. „ექვსეულისა“ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორ წელიწადში ერთხელ შეხვდებიან და შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობაზე იმსჯელებენ. 

იარაღზე ემბარგო ირანს 5 წლის მანძილზე მოეხსნება. იარაღის მიწოდება უფრო ადრეცაა შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნებართვით. მინისტრებმა სხვა შემზღუდავი ზომების მოხსნაზეც მოილაპარაკეს. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „ზოგი სანქცია, მათ შორის ევროკავშირის, მაშინვე გავა“. ევროკავშირის სანქციებმა ირანში SWIFT–ის სისტემის მუშაობა, ქვეყნისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა და იქ მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეტანა შეზღუდა. ევროკავშირმა, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ და აშშ–მა ვალდებულება აიღეს, არ დაუბრუნდნენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით მოხსნილ სანქციებს, არ გამოიყენონ ახალი შემზღუდავი ზომები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, ირანი იტოვებს უფლებას, არ შეასრულოს შეთანხმებით ნატვირთი ვალდებულებები. 

გამდიდრებული ურანი

თეირანი ვალდებულია, ფორდოს ურანის გამამდიდრებელი ქარხანა ტექნოლოგიურ ცენტრად გადააკეთოს და იქ არსებული ცენტრიფუგები მხოლოდ იზოტოპების საწარმოებლად გამოიყენოს. ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი აქტიურად ჩაერთვება ფორდოს ქარხნისთვის პროფილის შეცვლის პროცესში და ირანიდან  მცირედგამდიდრებულ ნივთიერებასაც გაიტანს თეირანისთვის ბუნებრივი ურანის მიწოდების სანაცვლოდ. ირანი ვალდებულებას იღებს, არ აწარმოოს არაქის რეაქტორზე იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმი, ხოლო უკვე გამოყენებული საწვავი საერთაშორისო შუამავლებს გაუტანოს. 

ირანი ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში არ იქონიოს 300 კილოგრამზე მეტი ურანი, რომელიც 3.67%–მდე იქნება გამდიდრებული. ქვეყანა არ დაიწყებს ბირთვული საწვავის გადამუშავებას ან გადამამუშავებელი ობიექტების მშენებლობას და არ ჩაატარებს ამ თემაზე სამეცნიერო კვლევებს, გარდა სამედიცინო ან სამრეწველო იზოტოპების წარმოების მიზნით ბირთვის გახლეჩვისა. ირანი გარანტიას იძლევა, რომ მის ბირთვულ პროგრამას უკიდურესად სამშვიდობო ხასიათი ექნება.  

კონტროლი

ირანი ნებას დართავს მაგატეს, დააკვირდეს მის ბირთვულ ობიექტებს 25 წლის განმავლობაში, მიაწვდის მას ყველა აუცილებელ ინფორმაციას, შექმნის ყველა პირობას სააგენტოს ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ყოფნისათვის, ბირთვულ ობიექტებზე სამუშაო ადგილს გამოყოფს სააგენტოს წარმომადგენლებისთვის და გასცემს ვიზებს მათთვის. მაგატეს ინსპექტორების რაოდენობამ ირანში ცხრა თვეში 130–150 ადამიანი უნდა შეადგინოს. 

თეირანი თავდაპირველად ინსპექტორებს იმ ქვეყნებიდან დაანიშნინებს, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. მაგატეს გენერალურმა დირექტორმა იუკია ამანომ, ირანის ვიცე–პრეზიდენტმა, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალი აკბარ სალეჰიმ ხელი მოაწერეს „ირანის ბირთვული პროგრამის წარსული და ახლანდელი გადაუჭრელი საკითხების თაობაზე განმარტებათა საგზაო რუკას“. 2015 წლის ბოლოსთვის სააგენტო შეძლებს განმარტოს ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ასპექტების დარჩენილი საკითხები. ირანი მაგატეს შეკითხვებზე წერილობით პასუხებსა და  თემასთან დაკავშირებით გამოთხოვილ დოკუმენტაციას  15 აგვისტომდე წარადგენს. ამის შემდეგ, 15 სექტემბრამდე მაგატე შეადგენს დარჩენილი „გაურკვევლობების“ ჩამონათვალს, 2015 წლის 15 დეკემბრისთვის კი სააგენტოს გენერალური დირექტორი საბოლოოდ შეაფასებს გადაუჭრელ საკითხთა მოგვარებას. 

მოსკოვი და თეირანი 

ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით აღიარებულია ირანის უფლება მშვიდობიან ატომზე. „საბოლოო შეთანხმება სრულად შეესაბამება იმ ამოცანას, რომელიც რუსეთს საკუთარი საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან გამომდინარე ჰქონდა დაყენებული: მინიჭებოდა ირანს მშვიდობიანი ატომის ფლობისა და ურანის გამდიდრების უფლება, რასაც მკაცრად გააკონტროლებდა  მაგატე, ნათელი მოჰფენოდა ყველა დარჩენილ საკითხს და მოხსნოდა ირანს ყველა სანქცია. სწორედ ასეთი მიდგომა და ფიქსირდა ყველა მიღებულ დოკუმენტში“, – თქვა ლავროვმა. 

მან აღნიშნა, რომ ახლა, როცა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი შეთანხმება გაფორმდა, საინტერესოა აშშ–ს რეაქცია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით. ლავროვის მტკიცებით, შეთანხმების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და  ევროკავშირი და აშშ ხელს აღარ შეუშლიან მოსკოვისა და ირანის პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ეს ადრე იყო. 

„ჩვენ ირანის ატომური ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით ძალზე მასშტაბური გეგმები გვაქვს. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები მთელი რიგი ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების თაობაზე.  აღვნიშნავ, რომ როგორც წინა ეტაპზე, ისე ახალი შეთანხმების ფარგლებში, თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის სრულად გახლავთ დაზღვეული რაიმე ნეგატიური გარეფაქტორების ზემოქმედებისგან“, — განაცხადა ლავროვმა.   

დარჩენილი კითხვები 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა ბორის დოლგოვმა აღნიშნა, რომ ახალი შეთანხმება ბოლომდე ვერ ხსნის დღის წესრიგიდან ყველა საკითხს. მისი აზრით, სანქციების მოხსნის საკითხი საკმარისად ნათელი არ არის. „განმარტება ისეთია, რომ ირანის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების კვალდაკვალ სანქციები თანდათან მოიხსნება. მაგრამ აქ მყის დგება ერთი საკითხი — ხომ შეიძლება შეთანხმება ორივე მხარემ შეწყვიტოს?“ 

ექსპერტმა ასევე დაასახელა დოკუმენტის სხვა გაუგებარი საკითხიც — აშშ–ში შეთანხმების იურიდიულად გაფორმება. „სენატი ძალიანაც არ მიესალმება ამ შეთანხმებასბ და როგორი რეაქცია ექნება არდადეგებიდან დაბრუნებულ სენატს? მოიწონებს შეთანხმებას თუ არა?“ — კითხულობს დოლგოვი. 

„კიდევ არსებობს ისრაელის  პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას და ამიტომაც იმოქმედებს. ის ას ევე გამოიყენებს თავის ლობის აშშ–ში. არც თავად ირანში უჭერენ ყველანი მხარს ამგვარ მნიშვნელოვან დათმობებს, რომლებზეც ირანი წავიდა. ასე რომ, მრავალი კითხვაა დარჩენილი უპასუხოდ“, — დაასკვნა მეცნიერმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0