ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ”სვეტიცხოვლობას” აღნიშნავს

გამოწერა
”სვეტიცხოვლობა” საქართველოში წელიწადში ორჯერ - 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ორშაბათს, 13 ივლისს ”სვეტიცხოვლობას” — კვართის დღესასწაულს და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს ზეიმობს, რომელიც უძველს ქალაქში მცხეთაში იმართება.

”სვეტიცხოვლობა” საქართველოში წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია.

საზეიმო ლოცვის შემდეგ არაგვისა და მტკვრის შესართავთან მასობრივი ნათლობა იმართება, რომელიც ”სვეტიცხოვლობის” ზეიმის შემადგენელი ნაწილი გახდა. აქ ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩამოდიან ადამიანები, რათა მონათლონ შვილები ან თავად მოინათლონ. როგორც ისინი ამბობენ, ეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეც არის და ამ დღეს საქართველოს მადლი ეფინება.

სვეტიცხოველი მცხეთაში უძველესი ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია მე-15-17 საუკუნეებში ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. 

მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი. 


ყველა ახალი ამბავი
0