ოლიმპიური ფესტივალისათვის საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

© https://www.facebook.com/nbg.gov.geოლიმპიური ფესტივალისათვის საკოლექციო მონეტა გამოუშვეს
ოლიმპიური ფესტივალისათვის საკოლექციო მონეტა გამოუშვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ეროვნულმა ბანკმა ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — “თბილისი 2015“ აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის 10 ლარიანი ნომინალის მონეტა გამოუშვა. ამის  შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება

 მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას პირადად წარუდგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მონეტის დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძე და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. 

 10 ლარის ნომინალის, 15.50 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში. 

 მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ სულ ახლახან შემუშავებული, ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.  

 მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

 „ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის უკეთ წარმოჩენას. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი მონეტა გამოვიდა, მისი ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რა თქმა უნდა ამ ღონისძიების, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ეს იქნება ძალიან სასიამოვნო საჩუქარი და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, რომელსაც თბილისი მასპინძლობს“, — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ საქართველოს დედაქალაქში 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. მასში მონაწილეობას 4000 სპორტსმენი მიიღებს მსოფლიოს 49 ქვეყნიდან. 

ყველა ახალი ამბავი
0