დავით უსუფაშვილი: ”ქართული ოცნება” არ იშლება

გამოწერა
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ”რესპუბლიკურ პარტიას”, რომლის წევრიც თავად არის, სურს ”ქართული ოცნების” სანდო და საიმედო პარტნიორი იყოს, თუმცა ”ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავთანხმდებით”. ”რესპუბლიკური პარტია” მმართველი კოალიციის წევრია.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” არ იშლება, მაგრამ მთავრობასა და პარლამენტში ზოგიერთ ცვლილებას ის არ გამორიცხავს.

”კოალიციაში სერიოზული ცვლილების წინაპირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.”, — განაცხადა უსუფაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, ”რესპუბლიკურ პარტიას”, რომლის წევრიც თავად არის, სურს ”ქართული ოცნების” სანდო და საიმედო პარტნიორი იყოს, თუმცა ”ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დავთანხმდებით”. "რესპუბლიკური პარტია” მმართველი კოალიციის წევრია.

”ჩვენი მიზნები გვაქვს, რომელსაც მაგიდაზე ყოველთვის წინასწარ ვდებთ და ეს პარტნიორებმაც კარგად იციან. ყველა კოალიციასა და გაერთიანებაში საკუთარი პრიორიტეტებით შევდივართ. თუ დავინახავთ, რომ ჩვენი მიდგომები არ აინტერესებთ, იქ არ გავჩერდებით”, — აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის ნოემბერში მოვიდა, ჩამოაყალიბა საპარლამენტო უმრავლესობა და დააკომპლექტა ახალი მთავრობა. ამჟამად ”ქართული ოცნების” წევრები არიან: ”ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ეროვნული ფორუმი” და ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.  

 


ყველა ახალი ამბავი
0