თბილისში ლაფანყურის სპეცოპერაციის შუამავალი დაჭრეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგოშვილის ნათესავები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ლაფანყურის სპეცოპერაციას არ უკავშირდება. ამასთან ისინი არ გამორიცხავენ ჩეჩნეთის ომთან კავშირს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპარციაში შუამავალი იყო,  დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს. შემთხვევა 28 მაისს თბილისში, საბურთალოზე მოხდა, იუწყებიან ქართული ტელეკომპანიები. 

ხანგოშვილი ხელისა და ზურგის არეში დაჭრეს საკუთარ სახლთან ხუთშაბათს, როცა მანქანაში ჯდებოდა. დაუდგენელი თავდამსხმელები მახლობლად მდგომი მანქანიდან ისროდნენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან თვალს მიეფარა.  ხანგოშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა. 

ხანგოშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ლაფანყურის სპეცოპერაციას არ უკავშირდება. ამასთან ისინი არ გამორიცხავენ ჩეჩნეთის ომთან კავშირს.   

„ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით შესაძლოა მიზანმიმართულად მუშაობდნენ. მათ ყველას ლიკვიდაცია სურთ, ვინც ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა“, – განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა ჰასან ხანგოშვილმა. 

რაც შეეხება ლაფანყურის მოვლენებს, მისი თქმით, ზელიმხან ხანგოშვილმა ამის თაობაზე მხოლოდ სპეცოპერაციის დღეს შეიტყო, როცა დაუკავშირდნენ და შუამავლობა სთხოვეს.  

„მან იშუამავლა, მაგრამ შეთანხმება არ მოხერხდა და უკან დაბრუნდა. ამიტომ გამორიცხულია ეს სროლა ლაფანყურის ოპერაციასთან იყოს დაკავშირებული“, – თქვა ჰასან ხანგოშვილმა. 

ლაფანყურის ხეობაში სპეცოპერაცია 2012 წლის აგვისტოში ჩატარდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია გახლდათ, რომელსაც სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მძევლად ჰყავდა აყვანილი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებულები იყვნენ, ხოლო 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი – დაღუპული.  

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავიდან დაიწყო სპეცოპერაციის დეტალების გამოძიება. რამდენიმე თვის შემდეგ საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადაეცა და საქმის დეტალები გასაიდუმლოვდა. 

საკუთარი გამოძიება ჩაატარა საქართველოს სახალხო დამცველის საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელმაც 2014 წლის დეკემბერში სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელთა ოჯახების წევრების, შსს-ს ყოფილი თანამშრომლებისა და ლაფანყურის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა. გამოკითხვებში ასევე მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც ტყვეობაში იყვნენ და ისინიც, ვინც ამტკიცებდა, მოვლენების თაობაზე ინფორმაციას ვფლობო. 

ანგარიშში აღინიშნა, რომ დარღვევები იყო დაშვებული, როგორც  სპეცოპერაციის ისე გამოძიების დროსაც. კერძოდ: არ ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, შემთხვევის ადგილზე სამხილები არ მოიძიეს. ანგარიშმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია, რომ ბანდფორმირება ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა.  


ყველა ახალი ამბავი
0