უხეში პროვოკაცია - „ოცნების“ დეპუტატი საპროტესტო აქციებზე

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი
აქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
გასულ ღამეს აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ქმედება ადასტურებს, რომ აქციის მთავარი მიზანია პროვოკაციების მოწყობა და ხალხისთვის ზიანის მიყენება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
წუხელ აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის ეზოს შესასვლელთან რკინის ჭიშკრის მორყევა დაიწყეს, ასევე ეზოში სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. მათ ასევე აღმართეს ბარიკადები, დაანთეს კოწონი და ვიდეოდაკვირვების კამერები დააზიანეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფანჯარა ჩაამსხვრიეს და იქ სხვადასხვა საგნები, მათ შორის კვამლის ყუმბარები შეყარეს. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
„ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე და უხეში პროვოკაცია ამ ადამიანების მხრიდან, როდესაც ისინი პირდაპირ ეძებდნენ იმას, რომ ძალადობრივი განვითარება ჰქონოდა აქციას... „აქედანაც ჩანს, რომ რეალურად მათი მზიანი არ არის აზრის მშვიდობიანად გამოხატვა, რაც დაცულია ჩვენს ქვეყანაში, არამედ მათი მზიანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია იყოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაზიანდეს, რომ მერე ამაზე იყვირონ, მორთონ ერთი ამბავი და ამის გამო შექმნან იმის ილუზია, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში რაღაც ხდება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ეს ადამიანები მტრობენ მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, მიაჩნია დეპუტატს.
ამასთან, პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მზად არის აქციაზე მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
„მზად ვარ მე ავიღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ ამისთვის დამსახურება გჭირდება, რომ შენ ახალგაზრდების ქმედებაზე აიღო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
შენ ჯერ ახალგაზრდებმა მოსმენის ღირსი უნდა გაგხადონ, აღნიშნა მან.
ამასთან, ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ არ იცის, ვის უსმენენ ეს ახალგაზრდები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.
„მაგრამ შეიძლება ეს სპონტანური და ემოციური იყოს. ამიტომაც არის საშიში ახალგაზრდების გაღიზიანება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ყველა ახალი ამბავი
0