პარლამენტთან არეულობაა - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

© photo: Sputnikპოლიცია წყლის წავლს იყენებს. 2024 წლის 30 აპრილი
პოლიცია წყლის წავლს იყენებს. 2024 წლის 30 აპრილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდა, არ გასცდნენ კანონს. რამდენიმე განცხადება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები აგრძელებდნენ სპეცრაზმის მიმართ სხვადასხვა ნივთების, მათ შორის პლასტმასის ბოთლების სროლას. პერიოდულად ხდება შეტაკებები.
„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.
„გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.
„სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც წყლის ჭავლის გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა.
ქრონოლოგია
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
ამ დროისთვის ძალოვანები საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი სკანდირებენ „მონებო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გაუქმებას ითხოვენ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემო
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0