ომბუდსმენმა ძალოვანები ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების გამო გააკრიტიკა

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან. 2024 წლის 30 აპრილი
აქცია პარლამენტთან. 2024 წლის 30 აპრილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
აქციაზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შსს-ს წარმომადგენლები პროვოკაციებში დაადანაშაულა.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება ეწინააღმდეგება აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ გასცდნენ კანონს. პერიოდულად ხდება შეტაკებები სპეცრაზმებსა და მომიტინგეებს შორის. აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან, ისინი კი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. პოლიციამ თავდაპირველად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.
„აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.
თავის მხრივ, ძალოვანები მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. შსს-მ უკვე მესამე განცხადება გაავრცელა.
„გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აქციაზე მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ შსს-ს წარმომადგენლები პროვოკაციებში დაადანაშაულა.
მოვლენათა ქრონოლოგია
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
© photo: Sputnikაქციის დაშლა/ 2024 წლის 30 აპრილი
Спецназ. Акция сторонников оппозиции у здания парламента Грузии 30 апреля 2024 года - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
აქციის დაშლა/ 2024 წლის 30 აპრილი
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
სპეცრაზმი მოუწოდებს მონაწილეებს დაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალოვანების სპეციალური საშუალებებს გამოიყენებენ.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი სკანდირებენ „მონებო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.
ყველა ახალი ამბავი
0