საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ლგბტქ ადამიანების დაცვას - ევროკომისარი

© AP Photo / Shakh Aivazovევროკავშირის დროშა აქციაზე თბილისში
ევროკავშირის დროშა აქციაზე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავს
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთი უმცირესობების დაცვას, როგორიცაა ლგბტქ თემი და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ამ ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.
იუროვას თქმით, ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ
„ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა იუროვამ.
რაც შეეხება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ილია დარჩიაშვილს ურჩიეს ევროკავშირის დირექტივა კიდევ ერთხელ გადახედოს.
„ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, - განაცხადა იუროვამ.
ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან ლატვიიდან, ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0