პრემიერმა პრეზიდენტს საქართველოს მოღალატე უწოდა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ბოდიში მოიხადა იმისა გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, რომელიც პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ. მათი თქმით, ეს რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის ომში ჩათრევას.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა“, - განაცხადა კობახიძე.
მთავრობის მეთაურმა ბოდიში მოიხადა იმისა გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია.
„სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც მოღალატე პრეზიდენტად იწოდება.
„თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
„ნაცმოძრაობის“ დასჯა, ეკონომიკის გაძლიერება, ევროკავშირის წევრობა - ივანიშვილის დაპირებები>>
საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებული სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პასუხის გაცემას დაახლოებით ერთი წელია გაურბის. მანამდე სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა - „არა და არასდროს“. მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან ორზე სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, სააკაშვილი პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს აღიქმება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი.
„სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0